18 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
ინციდენტი მეტროში - საკრებულოში შესაძლოა რიგგარეშე სხდომა ჩატარდეს

მეტროსადგურ ვარკეთილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საკრებულოში შესაძლოა რიგგარეშე სხდომა ჩატარდეს. ოპოზიციის მოთხოვნას საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა. გიორგი ტყემალაძე ამბობს, რომ საკითხის განხილვა აუცილებლად მოხდება, თუმცა როდის და რა ფორმატში, ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის ფაქტს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ინტერესია დადგინდეს მომხდარში დამნაშავე პირები და კანონის შესაბამისად იქნენ დასჯილნი.

„ჩვენი მთავარი ინტერესი არის ის, რომ დადგინდეს თუ რა იყო მთავარი გამომწვევი მიზეზი გუშინ მომხდარი ფაქტის. შესაბამისად, გამოკვეთის შემთხვევაში, აუცილებლად უმკაცრესად იყვნენ ის პირები დასჯილი ვისი ბრალეულობაც იქნება გამოკვეთილი. ჩვენ არასდროს არ გვაქვს არანაირი პრობლემა ნებისმიერ საკითხთან გარკვევის და მერიის მხრიდანაც მათი მზაობა არის ყოველთვის,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.

ვარკეთილის მეტროში ჭერი გუშინ ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 14 ადამიანი. მათი ნაწილი სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობას ამ დრომდე გადის. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.  

ვარკეთილის მეტროში სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა, რომელიც არსებული ინფორმაციით, დარღვევების გამო წარსულში შავ სიაში იყო შეყვანილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები