16 ოქტომბერი 2019,   02:47
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ყოფილ წევრს ჰონორარს უხდიდნენ - მასალები პროკურატურაში გადაიგზავნა

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ფინანსების ხარჯვის კანონიერებას პროკურატურა შეისწავლის. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დოკუმენტაციის ერთი ნაწილი, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ანაზღაურებას ეხება, შემოწმების შემდეგ პროკურატურას გადაუგზავნა.

ირკვევა, რომ 2015-2016 წლებში მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ხელფასები მილიონ 200 ათასი ლარით გაზარდა, რაც სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.

აუდიტის მიერ დოკუმენტების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სამეურვეო საბჭოს ყოფილ წევრს, რომელსაც საბჭოში უფლებამოსილების ვადა შეუწყდა, 5 თვის განმავლობაში ჰონორარს უხდიდნენ. აუდიტის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნულმა თანხამ 12 ათას 800 ლარი შეადგინა. თორნიკე შერმადინის თქმით, თანხა ბიუჯეტშია დასაბრუნებელი.

„ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით მასალები მთავარ პროკურატურაშია გადაგზავნილი, სადაც დავინახეთ შესაძლო დანაშაულის ნიშნები,“- აღნიშნა თორნიკე შერმადინმა.

ბორდის წევრმა, ქეთევან მსხილაძემ „კურიერს“ დაუდასტურა, რომ პირი, რომელიც ჰონორარს იღებდა, ლელა გაფრინდაშვილია. 

ბორდის ყოფილი წევრის, სულხან სალაძის თქმით, თანხის ჩარიცხვის შესახებ სამეურვეო საბჭოსთვის ცნობილი იყო და ეს საკითხი ბორდის სამუშაო შეხვედრებზე რამდენჯერმე დააყენეს კიდეც, თუმცა რა გაგრძელება მოჰყვა მას, მისთვის უცნობია. 

 

 

დღის ამბები