27 იანვარი 2020,   16:15
ვრცლად
"დაბრუნების შემთხვევაში ადგილზევე დაეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა"- ირაკლი სესიაშვილი აისის-ის მებრძოლების საქართველოში დაბრუნების არ ადასტურებს

„ქართული ოცნება"აისის-ის მებრძოლების ნაწილის საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფორმაციაც არ ადასტურებს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ხელისუფლება ფლობს ზუსტ მონაცემებს თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ჩვენი ქვეყნიდან ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოში" და მათი დიდი ნაწილი გარდაცვლილია. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ის ვინც გადარჩა საქართველოში დაბრუნებას მოერიდება, რადგან ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით მას საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავებენ.

„უფრო მაღალი სიზუსტით გვაქვს მონაცემები თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოში." მათ შორის ვეყრდნობით ჩვენ არა მხოლოდ ჩვენს სადაზვერვო ინფორმაციას, არამედ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ინფორმაციას. საუბარი იყო სულ რამდენიმე ათეულ ადამიანზე, რომლებიც წლების წინ წავიდნენ და აღმოჩნდნენ ისლამურ სახელმწიფოში. მათი უდიდესი ნაწილი, ჩვენი ინფორმაციით გარდაცვლილი არის. ხოლო ვინც დარჩა არ არის ინფორმაცია, რომ მათ ჰქონდეთ სურვილი, რომ ქვეყნაში დაბრუნდნენ. მით უმეტეს როცა ჩვენ კანონმდებლობა გავამკაცრეთ და მათი დაბრუნების შემთხვევაში ადგილზევე დაეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

"ვაშინგტონ პოსტი"  წერს, რომ ერაყსა და სირიაში დამარცხების შემდეგ, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა საკუთარ ქვეყნებში დაბრუნება დაიწყეს. გამოცემა ორი გავლენიანი ორგანიზაციის მიერ მომზადებულ კვლევას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც საქართველოში აისისის 50 მებრძოლი დაბრუნდა. "სოუფანის ცენტრმა" და "გლობალური სტრატეგიის ქსელმა" 5600 მებრძოლის მარშრუტი და მათი დანიშნულების ადგილებიც დაადგინა. კვლევის თანახმად, დაბრუნებული მებრძოლები პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენენ, მაგრამ ხდებიან შთაგონების წყარო რადიკალიზმისკენ მიდრეკილი ახალგაზრდებისთვის.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები