26 აპრილი 2024,   17:05
ვრცლად
ივანიშვილის ახალი სამიზნე - ყოფილმა პრემიერმა თავისი რეზიდენციისთვის ახალი ხეები შეარჩია

ბიძინა ივანიშვილის ახალი სამიზნე ქობულეთის სოფელი ზენითია. ყოფილმა პრემიერმა თავისი რეზიდენციისთვის ახალი ხეები შეარჩია. ასწლოვანი მცენარეების გადატანასთან ერთად, ადგილობრივები იმ მიწის გარეშე დარჩნენ, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ამუშავებდნენ და ამ პერიოდში უშედეგოდ ცდილობდნენ მის გადაფორმებას.

27 ათასი კვადრატული მეტრი მიწა, რომელსაც მორჩილაძეები ათწლეულები ვერ იკანონებდნენ, 2 დღეში გადაიფორმეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა.

მორჩილაძეების მსგავსად პრობლემა შეექმნათ სოფელ ზენითის სხვა მოსახლეებსაც.

ქობულეთის რაიონის სოფელი ზენითიდან ბიძინა ივანიშვილს შეკვეთილში 10-მდე ხე მიაქვს. მიწის უკანონოდ მიტაცების პარალელურად, ადგილობრივები ეკოლოგიურ კატასტროფაზეც საუბრობენ.

ორ კერძო სუბიექტს შორის დავას უწოდებს სოფელ ზენითში შექმნილ მდგომარეობას ქობულეთის მერიის წარმომადგენელი. სწორედ ასლან ქათამაძეს ადანაშაულებენ სოფლის მაცხოვრებლები საბუთების გაყალბებასა და მათი მიწების გასხვისებაში. ქათამაძე ბრალდებებს უარყოფს და ამბობს რომ მოსახლეებს საკუთრებაში მიწები ხელახლა აუქციონზე უნდა შეეძინათ.

ხეების გადატანას აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობა ციხისძირშიც. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ხის გადატანის გამო ცენტრალური გზა ორი კვირის წინ დაიკეტა და ადგილობრივები იძულებულები არიან, სახლებში შემოვლითი გზით იარონ. გაორმაგებულ ხარჯის პარალელურად მოსახლეობას ნარგავებიც გაუნადგურდა.

ავტორი: სოფო ჭულუხაძე. 

დღის ამბები