26 აპრილი 2024,   06:47
ვრცლად
ხმაური იუსტიციის საბჭოს სხდომაზე - მამისეიშვილის და შავაძის საბჭოს წევრებთან შეხვედრა ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა

ხმაური იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძე სკანდალური განცხადებების შემდეგ საკუთარი პოზიციების დაცვას საბჭოს წევრებთან ცდილობს.

სხდომაზე მივიდა ბრალდებების ადრესატი, დავით მამისეიშვილი.

დაახლოებით, 2-საათიანი შეხვედრის შემდეგ, კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ, თუმცა, ბრალდებები, რომელზეც შავაძე ამ დრომდე ტელეკამერების წინ საუბრობდა, ახლა მან მამისეიშვილს საბჭოს წევრების წინაშე წაუყენა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი შავაძემ დაპირისპირების წინაპირობა საბჭოს წევრების წინაშე კიდევ ერთხელ გაიხსენა და აღნიშნა, რომ მამისეიშვილმა მას წასვლა ურჩია.

„მასთან ვიყავით ოთახში და მეუბნება ასეთ რამეს, ირაკლი, შენი ნებაა, თუ არ წახვალ, პრობლემები შეგექმნება, შენ რომ ჩემთან დაპირისპირებაში შემოხვიდე, შენ მე ვერ მომიგებ,“ - განაცხადა შავაძემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელმა, დავით მამისეიშვილმა შავაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

„ნასეტკებს“ ეძახის ბატონი საქალაქო სასმართლოს საჯარო მოხელეს მისი მეგობარი ადვოკატი, რომელიც გუშინაც და მთელი ამ დღეების მანძილზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართ როგორც ტელევიზიებში, ასევე, სოციალურ ქსელში, შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს. მინდა ვუთხრა, ბატონ ირაკლის, რომ გადასცეს მის მეგობარს, „ნასეტკა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში არცერთი საჯარო მოხელე არ მუშაობს, ეს არის ფაქტი და შეურაცხყოფილი ვარ,“ - განაცხადა მამისეიშვილმა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ იუსტიციის საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის ან საგამოძიებო უყების გადასაწყვეტია, რა რეაგირება მოჰყვება ამ განცხადებებს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, რომ პრობლემის უფრო დეტალურად შესასწავლად ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეებს შეხვდებიან.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი კონფლიქტის ჩაცხრობის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მხოლოდ პრობლემას გაეცნენ და საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღებაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები