26 აპრილი 2024,   07:08
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის შესახებ რეზოლუციები და ენმ-ის წინადადება - საკითხს საგარეო კომიტეტზე განიხილავენ

ცხინვალის ციხეში მოკლული ქართველი შესახებ საკომიტეტო მოსმენები გრძელდება. ამ წუთებში საპარლამენტო ოპოზიციისა და მმართველი გუნდის რეზოლუციებზე პარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ.

საკუთარი წინადადებები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა წარადგინეს. ისინი აცხადებენ, რომ აუცილებელია, რეზოლუციაში აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეწყვეტა ჩაიწეროს, ვიდრე ტატუნაშვილის საქმის გამოძიება არ მოხდება.

მმართველი გუნდის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ, განაცხადა, რომ მაშინ, როცა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახისთვის ჯერ არ გადმოუციათ, პარლამენტმა ზედმეტად კრიტიკული ტექსტი არ უნდა მიიღოს.

„თქვენი პოზიცია იმისა, რომ ამით ჩვენ ავდგეთ და დავაშინოთ, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატს შევაჩერებთ, გული გაუსკდებათ იქ? ეს არის ერთადერთი ძაფი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მოიფიქრა. ვეღარ გავაღრმავეთ, მაგრამ ჩვენ ცეცხლი გვიჭირავს, სახანძრო ტერმინი რომ ვიხმაროთ, ცეცხლი, რომელიც თქვენ დროს დაინთო. შერიგების კურსზე, რომელიც გვაქვს, არ შეიძლება, უარი ითქვას. ეს არის ამ ეტაპისთვის ერთადერთი გზა,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ნაციონალური მოძრაობის წინადადებაზე კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემაც, გააკეთა.

„ძალიან კარგად მესმის წუხილებიც, ის საჭიროებებიც, რომელიც ახლა დგას რეაგირების თვალსაზრისით. ასევე კარგად მესმის სიფრთხილის აუცილებლობაც. თუ ჩვენ არ დავაფიქსირებთ პოზიციას, სხვებსაც გაუჭირდებათ, რომ პოზიცია საქართველოს დასაცავად დააფიქსირონ. აქ მთავარი მიზანი არის, რომ ამაზე გვქონდეს პრინციპული რეაქცია,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა, მიმართა.

„როდესაც რუსეთის ენით გვესაუბრებით საქართველოს პარლამენტში და უმძიმესი მსჯელობისას ისევ იმეორებთ რუსეთის ნარატივს, რომელიც ხელს იშვერს ქართული სახელმწიფოსკენ, რომელიც, თურმე, დამნაშავეა ყველაფერში, რაც ამ ქვეყანას დაემართა, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, დაუჭერთ თუ არა მხარს ამ რეზოლუციას,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები