21 დეკემბერი 2024,   19:35
ვრცლად
არც მაგას მივუღივარ პარტიაში, არამეფის საქმეა რიგითი დეპუტატის პარტიიდან გარიცხვა - დავით ჭიჭინაძე ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს

პარტიიდან გარიცხვის შემდეგაც დავით ჭიჭინაძის ხმაურიანი განცხადებების მთავარი სამიზნე ისევ პარლამენტის თავმჯდომარეა. „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრი ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი კვირიკაშვილის კრიტიკას შრომის უსაფრთხოების საკითხზე შეურაცხმყოფელს უწოდებს და ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ ანგარიშსწორებად აფასებს.

დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ ისინი, ვინც მისი პარტიიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, ბოლშევიკები არიან. ჭიჭინაძის განცხადებით, ის „ქართული ოცნების“ ე.წ გარიყული წევრების რიგებში რჩება. 

მისი თქმით, პარტიიდან გარიცხვის შესახებ შესაძლოა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, არც იცოდა. 

„მე გავიგე ისევ და ისევ თქვენი მეშვეობით, ისე, როგორც ძალიან ბევრ რამეს ვგებულობდით თქვენი მეშვეობით მინისტრების კანდიდატებზე, გათავისუფლებაც თქვენი მეშვეობით გავიგე, უმრავლესობასთან ურთიერთობის ძალიან კარგი ფორმაა, ვფიქრობ, რატომ უნდა დახარჯონ დრო, ენერგია ახსნაზე, ან პოზიციების შეჯერებაზე, მაგრამ რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, არც მაგას მივუღივარ პარტიაში, არც მაგას მიუღია გადაწყევტილება ჩემი მაჟორიტარად წარდგენაში, მაგრამ ვფიქრობ ამ ადამიანის ხელმოწერაც არ არის, როგორც იტყვიან, არამეფის საქმეა, რიგითი დეპუტატის პარტიიდან გარიცხვა ეგეთ დონეზე არ წყდება. თუმცა ქალბატონი თამარი იძახის, რომ შეუთანხმეს, ამით რა თქვეს, ვერ გავიგე, რომ თითონ ამ ხუთმა ადამიანმა ისევ თავიანთი თავი დააკნინეს, მაშინ რატომ აქვთ ეს თანამდებობები თუ კიდევ ვიღაცას უთანხმებენ, ესეც გაუგებარია. მაშინ გააუქმონ ისე თანამდებობი, იყოს მრჩეველთა საბჭო, რომელიც მიიღებს დავალებას და შეასრულებს,"- აღნიშნა ჭიჭინაძემ. 

დავით ჭიჭინაძე "ქართული ოცნების" წევრებს, თამარ ჩუგოშვილსა და ზაქარია ქუცნაშვილსაც აკრიტიკებს. 

„ვფიქრობ, რომ მე ვარ გამარჯვებული, იქიდან გამომდინარე, რომ მე ბევრად უფრო თავისუფლად შემიძლია ამ ადამიანს ის პრეტენზიები წავუყენო, რომელიც საზოგადოებას მათ მიმართ გააჩნია. განცხადების შინაარსი და კომენტარი ქალბატონი თამარ ჩუგოშვილის და ბატონი ზაქარიასი, ეს იყო ჩემთვის კიდევ ერთი პოლიტიკური აღმოჩენა, როდესაც მე დავტკბი იმით, რომ ზაქარია ქუცნაშვილს და თამარ ჩუგოშვილს თურმე ერთნაირი შეხედულება ჰქონიათ დემოკრატიაზე, მორალსა და ეთიკაზე,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები