18 აპრილი 2024,   12:22
ვრცლად
ტყვია-წამლით უკანონოდ ვაჭრობა - ჯარისკაცების სკანდალი, რომელიც მინისტრმა დამალა

თავდაცვის სამინისტრო უპრეცედენტო სკანდალში ეხვევა. საქართველოს შეირაღებული ძალებიდან ტყვია-წამალს უკანონოდ ყიდდნენ. დაკავებულია შეირაღებული ძალების 3 სამხედრო, თუმცა მინისტრის ლევან იზორიას ბრძანებით, ამბავი დამალეს. "კურიერის" ინფორმაციით, იარაღით უკანონოდ ვაჭრობა თავდაცვის სამინისტროში ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა, თუმცა შიდა კონტროლის სამსახურმა ფაქტი ვერ გამოავლინა. 

სპეცოპერაცია სამხედროების დასაკავებლად თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ თვენახევრის წინ ჩაატარა, თუმცა მინისტრის ბრძანებით ამბავი დამალეს. თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა ფაქტის შესახებ ღიად მას შემდეგ ესაუბრა, რაც ფაქტზე ჟურნალისტური გამოძიება "კურიერმა" დაიწყო და საბრძოლო მასალებით უკანონოდ ვაჭრობის თვითმხილველი სამხედროები ჩაწერა. 

„კურიერი“ შეიარაღებული ძალების დაკავებული სამხედროების მეზობლებს ესაუბრა, თუმცა მათ მომხდარის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თქმით, დაკავებები აგვისტოში განხორციელდა. თავდაცვის სამინისტროს არ აქვთ პასუხი, თუ როგორ ხდებოდა ბაზიდან საბრძოლო მასალის გატანა. 

„სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნება სამი პირი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგენილია, რომ ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის, საბრძოლო მასალის შენახვის სპეციალისტი, გ.გ. დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებოდა საავტომობილო ბაზის საშტატო ასეულის მეთაურის მოადგილე ზ.მ.-სთან, რომლებიც მოქალაქე ს.ბ.-ს დახმარებით, შეიარაღების და ტექნიკის სარემონტო ბაზიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული საბრძოლო ვაზნების უკანონო რეალიზაციას ახორციელებდნენ. ამოღებულია დიდი რაოდენობით საბრძოლო ვაზნები,“- განაცხადა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ირაკლი ბაზარაშვილმა.

 

დღის ამბები