27 აპრილი 2024,   04:44
ვრცლად
„გარეჯი საქართველოა“ - დავით გარეჯს დღეს ცოცხალი ჯაჭვი იცავდა

„გარეჯი საქართველოა“ - დავით გარეჯს დღეს ცოცხალი ჯაჭვი იცავდა. ეს იყო კონტრაქცია აზერბაიჯანელი აქტივისტების საპასუხოდ, თუმცა, ისინი დღეს გარეჯის ტერიტორიაზე არ გამოჩენილან. გარეჯის მთის თხემზე აქტივისტები მხოლოდ ქართველ და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შეხვდნენ, რაც უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

მშვიდობიან მსვლელობაში მონაწილეობა 9 ეპარქიიდან ჩასულმა მომლოცველებმაც მიიღეს. სასულიერო პირებმა, მრევლთან ერთად, ლოცვა თავდაპირველად აღდგომის ტაძართან აღავლინეს. სამღვდელოების პოზიცია კატეგორიულია - დავით გარეჯი საქართველოს ნაწილია და ხელისუფლების აქტიური მოქმედებებია საჭირო.

აღდგომის ტაძრიდან კი მომლოცველები და სამოქალაქო აქტივისტები ჩიჩხიტურის კოშკისკენ დაიძრნენ. გზადაგზა მათ, ქართველ მესაზღვრეებთან ერთად, აზერბაიჯანელი მესაზღვრეებიც ხვდებოდნენ, რაც მათი უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

დღეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მყოფი ადამიანები ხელისუფლების კრიტიკასაც არ ერიდებოდნენ.

დავით გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი სტუდენტები დღეს არ გამოჩენილან.

საზღვრის დაცვის პოლიციის უფროსის მოადგილემ, თეიმურაზ კუპატაძემ, კი "დეზინფორმაცია" უწოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანიდან სამოქალაქო აქტივისტები გეგმავდნენ დღეს ჩიჩხიტურის კოშკთან ასვლას.

მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი დღეს რამდენიმე საათში დასრულდა, თუმცა, ისტორიული კომპლექსის ტერიტორიაზე დარჩა არაერთი დროშა იმის დასტურად, რომ დავით გარეჯი საქართველოა.

დღის ამბები