24 აპრილი 2024,   15:55
ვრცლად
საბავშვო ბაღში შედგენილი 115-კაციანი სია - დირექტორები "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა სიებს წინასწარ ადგენენ

ბაღების დირექტორები მმართველი გუნდისთვის ხმების მოსაგროვებლად ადმინისტრაციულ რესურსს იყენებენ.

კურიერს ხელში ბაღების დირექტორების შიდა მიმოწერა ჩაუვარდა, რომლითაც ირკვევა, რომ თბილისის მე-11 საბავშვო ბაღში 115-კაციანი სია შედგა, ვისაც ქართული ოცნებისთვის ხმების მიცემაზე წინასწარ შეუთანხმდნენ.

კურიერს კონფიდენციალურმა წყარომ ბაღის დირექტორის, ქეთი გოლიაძის, ელექტრონული ფოსტის ფოტოასლები მიაწოდა, სადაც ჩანს, რომ კონკრეტულ მისამართზე მსგავსი სიები თბილისის სხვადასხვა საბავშვო ბაღიდან გაიგზავნა.  

დირექტორი უარყოფს, თუმცა კურიერმა ფაქტები გადაამოწმა და დაუკავშირდა იმ ადამიანებს, რომლებიც ბაღის ხელმძღვანელის მაილში მოხვდა. გაირკვა, რომ, სავარაუდოდ, ქართული ოცნების შტაბში გადაგზავნილ სიაში, დირექტორმა მისი თანამშრომლები და ოჯახის წევრები ჩაწერა, მანამდე კი გააფრთხილა, რომ 21 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე 41 უნდა შემოეხაზათ.

თბილისის მერი, დავით ნარმანია, აცხადებს, რომ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი, თემურ თორდინავა, ბაღების დირექტორებისთვის მსგავსი დავალებების მიცემას გამორიცხავს. ოპოზიცია კი სწორედ მისი დაინტერესების შესახებ საუბრობს.

თემურ თორდინავასა და მასთან ერთად მე-11 ბაღის დირექტორ-მასწავლებლებს შესაძლოა, კითხვებზე პასუხების გაცემა შესაბამისს უწყებებში მოუწიოთ.

ოპოზიცია საკითხის გამოძიებას ითხოვს, რადგან, მათი თქმით, სახეზეა ქართული ოცნების მიერ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

დღის ამბები