ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ დამკვირვებლების მხრიდან ამომრჩევლის აღრიცხვის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც თამარ ჟვანიამ განაცხადა, მსგავსი პრაქტიკა მას სხვა ქვეყნებში უნახავს და ეს კანონდარღვევას არ წარმოადგენს.
„მე ძალიან ბევრ ქვეყანაში მინახავს ამომრჩევლის აღრიცხვა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ. მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც, ეს ყველაფერი უნდა იყოს პირველ რიგში კანონის ჩარჩოებში, მეორე რიგში ეს უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს თავისუფლად ნების გამოვლენის საშუალება,“-განაცხადა თამარ ჟვანიამ.
მისივე თქმით თუ ნებაზე ზეგავლენის ფაქტები დადასტურდება მხოლოდ ამ ნაწილშია ეს საკითხი პრობლემური და არა იმ ნაწილში, რომ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ. მისივე თქმით თუ ამაზე აუცილებელია მსჯელობა, ეს უნდა ხდებოდეს არჩევნებამდე და არა მის პროცესში.
გუშინ, მთელი დღის გამავლობაში მესამე სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა განცხადებები იმის თაობაზე, რომ საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები, რომლებიც აღრიცხავდნენ ამომრჩეველს და ეწეოდნენ მათი ნების კონტროლს.