26 აპრილი 2024,   20:46
ვრცლად
სროლა მესტიაში - ნენსკრა ჰესის ადმინისტრაციის შენობაში ადგილობრივი შეიჭრა

სროლა მესტიაში - ნენსკრა ჰესის ადმინისტრაციის შენობაში ადგილობრივი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა. სოფელ ჭუბერში, სადაც ნენსკრა ჰესს აშენებენ, ადგილობრივი გუშინ, ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და რამდენჯერმე გაისროლა.

ამ დროისთვის ადგილზე სამუშაოები შეჩერებულია. ჩაკეტილია ის ტერიტორია, სადაც ჰესის ადმინისტრაციაა განთავსებული.

შსს-მ მომხდართან დაკავშირებით, ერთი პირი ძალადობით სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით, ჭუბერში დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადგილობრივები, რომლებიც დაკავებულ მაქსიმე გვარმიანს, ჰესის ადმინისტრაციის წინააღმდეგ პროტესტში უერთდებიან, აცხადებენ, რომ სანამ დაკავებულს არ გაათავისუფლებენ სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების შესაძლებლობას ჰესის ადმინისტრაციას არ მისცემენ.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მამაკაცი, რომელიც ადმინისტრაციაში შეიჭრა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.მეუღლე ამტკიცებს, რომ სამართალდამცველებს სახლიდან იარაღი არ ამოუღიათ.

„ავადმყოფია, შარშან დაეცა ხე, მუშაობის მერე, სამი ოპერაცია აქვს გაკეთებული. ძლივს გადაარჩინეს.  სახლიდან არაფერი ამოუღიათ. ნასვამ მდგომარეობაში იყო“-ამბობს დაკავებულის მეუღლე.

ინციდენტის მიზეზზე საუბრობს ერთ-ერთი ადგილობრივი. გარი ჩხვიმიანის თქმით, ჰესის მშენებლობის დაწყებისას ადგილობრივებმა ბევრი ისეთი დაპირება მიიღეს, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებდა, თუმცა დაპირებები არ შესრულდა.  

„შემოვიდნენ ათასგვარი დაპირებებით. ხალხმა თითქოს დაიჯერა რაღაც, მაგრამ ფაქტი სხვა არის. აგერ შუაგულ ცენტრში ერთი რეისი ხრეში არ დაყარეს, ჭუბერის სკოლიდან ჩამოსული ბავშვები აქ იყრიან თავს, აქ დგებიან სკოლის "მარშრუტკები" და აგერ ეს გზა არ გააკეთეს. არაფერი გაუკეთებიათ და აბუჩად აიგდეს მოსახლეობა. ყველას ერთნაირი ნერვები არ აქვს. ისინი უკან ვერ დაბრუნდებიან ,იმიტომ რომ ამოწურეს თავის ლიმიტი, ნდობა მაგათი არ არსებობს, შეგვაზიზღეს არამარტო თავის თავი, თუ ვინმე მაგათ პიარს უკეთებდა ისინიც გვეზიზღება უკვე“ - ამბობს ჩხვიმიანი.

ამ ინციდენტის შემდეგ იტალიური კომპანიის თანამშრომლებმა სოფელი დატოვეს, ადგილობრივებმა მათი სოფლიდან გასვლის ამსახველი ვიდეო კადრები გაავრცელეს, უცნობია, როდის გააგრძელებს კომპანია მუშაობას. 

დღის ამბები