06 მაისი 2024,   22:27
ვრცლად
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის ბრალდებულ 2 პირს, სასამართლომ 20-20 წლით პატიმრობა მიუსაჯა - სასტიკი მკვლელობა 2023 წლის აგვისტოში მოხდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის აგვისტოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, ბრალდებულებმა, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით სიცოცხლისთვის სახიფათო, მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.

პროკურატურამ ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარუდგინა. სასამართლომ ორივე მათგანი დამნაშავედ სრულად ცნო წარდგენილ ბრალდებაში." - ნათქვამია ინფორმაციაში. 

საქმე ეხება, ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორის ოთარ გელაშვილის საქმეს, რომელიც გაიტაცეს და სასტიკად სცემეს. შემთხვევა 2023 წლის აგვისტოში მოხდა.

ოთარ გელაშვილი 12 აგვისტოს გაუჩინარდა, ოჯახის წევრებმა ის ორ დღიანი ძებნის შემდეგ რუსთავის ერთ-ერთ კლინიკაში მიაგნეს, სადაც უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

როგორც დეკანის კოლეგები ყვებოდნენ, უკაცრიელ ადგილას, ის, სავარაუდოდ, მწყემსმა იპოვა. ოთარ გელაშვილი ბეისბოლის ჯოხებით იყო ნაცემი. ასევე, ფრჩხილები ლანცეტით ჰქონდა აძრობილი. ახლა უკვე მსჯავრდებულებმა ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი ფულის გამოძალვის მიზნით აწამეს და მოკლეს.

დღის ამბები