26 აპრილი 2024,   17:32
ვრცლად
ანა დოლიძე ითხოვს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა შეჩერდეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე ინიციატივას აყენებს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა შეჩერდეს. მისი თქმით, მოსამართლეთა დანიშვნა მანამდე უნდა შეჩერდეს, სანამ პარლამენტი რეფორმას არ გაატარებს და პროცესის გამჭვირვალობას საკანომდებლო დონეზე არ უზრუნველყოფს.

მაისიდან მოსამართლეთა დანიშვნის ახალი ეტაპი იწყება, სულ, დაახლოებით, 40 მოსამართლე უნდა დაინიშნოს. მათ შორის შესაძლოა, იყოს ლევან მურუსიძეც.

„როგორც იანვრისა და თებერვლის მოვლენებმა გვიჩვენა, უვადოდ გადანიშვნის ეს პროცესი არის სუბიექტური, დახურული, იწვევს უამრავ პრობლემას და დარტყმას სასამართლო სისტემაზე. ეს გადანიშვნები, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს, შეუძლებელია განხორციელდეს ისე, როგორც წარსულში ხორციელდებოდა. ამისთვის, ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება საკანონმდებლო რეფორმა. იმედი მაქვს საქართველოს პარლამენტი შესაბამის პასუხისმგებლობას დროზე აიღებს,“- განაცხადა ანა დოლიძემ.

დოლიძის საპასუხოდ იუსტიციის საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ სასამართლოები ისედაც გადატვირთულია და დანიშვნის პროცესის შეჩერება მართლმსაჯულების პარალიზებას ნიშნავს.

მოწოდება, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი შეჩერდეს, საჭიროებს მეტ დაფიქრებას და მეტ არგუმენტებს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, სასამართლოში კიდევ უფრო შეფერხდება მართლმსაჯულების განხორციელების პროცესი და გადატვირთულობის პრობლემა ვფიქრობ, უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს. ამიტომ, კარგად უნდა დავფიქრდეთ, სანამ ასეთ განცხადებებს და გადაწყვეტილებებს მივიღებთ,“- აღნიშნავს მიქაუტაძე.

განცხადებები იუსტიციის უმაღლესი სკოლის 12 წლის საიუბილეო კონფერენციაზე გაკეთდა.

 

დღის ამბები