26 აპრილი 2024,   19:51
ვრცლად
მოლაპარაკებების წარმოება რუსეთთან - ოპოზიცია „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გამკაცრებას ითხოვს

ოპოზიცია „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გამკაცრებას მოითხოვს. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, კანონით უნდა განისაზღვროს ის სახელმწიფო სტრუქტურები და თანამდებობის პირები, რომლებსაც უფლება ექნებათ, მოლაპარაკებები აწარმოონ ოკუპანტ სახელმწიფოსთან და საოკუპაციო რეჟიმებთან.

ოპოზიციის აზრით, მაშინ, როდესაც ქვეყანას გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, ხელისუფლების გარდა, არც ფიზიკურ და არც იურიდიულ პირებს არ უნდა ჰქონდეთ, ოკუპანტთან მსგავსი კომუნიკაციის უფლება. სხვა შემთხვევაში მათ წინააღმდეგ სანქციები უნდა ამოქმედდეს.

„ვალდებული ვართ, თავი დავიცვათ ოკუპანტი სახელმწიფოს აგრესიული პოლიტიკისგან და არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჩვენივე სუბიექტები, საქართველოში რეგისტრირებული სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით, ეს იქნება პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია, კერძო თუ იურიდიული პირი, მათი მეშვეობით განახორციელოს ოკუპანტმა თავისი საოკუპაციო პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში,“- განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, შალვა შავგულიძემ.

„თავისუფალი დემოკრატების“ ამ ინიციატივაზე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი სამოქალაქო სექტორთან ერთად მუშაობს.

„მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს მტრის საინფორმაციო შეტევა ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს სახელმწიფოზე. ეს ემსახურება სწორედ ამ მიზანს, ჩვენს ქვეყანას იმუნიტეტი გაუმრავლდეს ოკუპანტის შეტევების მიმართ. ამ წუთას თავდაცვის ეს მექანიზმები არ მუშაობს, ძალიან სუსტია, ჰიბრიდულ ომში საქართველო მეტწილად დაუცველია,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა რურუამ.

ცვლილებებს საკანონმდებლო ინიციატივის სახით პარლამენტში  უახლოეს პერიოდში წარადგენენ.

„სანამ რუსეთი რჩება ოკუპანტ სახელმწიფოდ, სახელმწიფოს აქვს კომპეტენცია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, სახელმწიფო უშიშროების მოტივებით, მსგავსი შეზღუდვები დააწესოს და იმ პირთა ჩამონათვალი განსაზღვროს, რომელსაც სახელმწიფოს სახელით კომუნიკაციის უფლება ექნება რუსეთის ფედერაციასთან ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ხელისუფლებასთან,“- განაცხადა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ.

 

დღის ამბები