03 მაისი 2024,   18:51
ვრცლად
"შემიძლია ჩემი თავი შევთავაზო" - ჭკუასელი პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობის შემცირების მომხრეა 

„ქართული ოცნების“ ლიდერების ნაწილი პოლიტსაბჭოს წევრების შემცირებას მიესალმება, თუმცა მათთვის ამ დრომდე უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი და რომელ მათგანს მოუწევს პოლიტსაბჭოს დატოვება.

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური აცხადებს, რომ პოლიტსაბჭოს დატოვებასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ ჰქონია.

„მოლოდინები არის ძალიან კარგი, ბატონ ბიძინას დაბრუნება პარტიაში უდაოდ მისასალმებელია, დანარჩენს დრო გვიჩვენებს. მე ამ წუთას ვარ საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. დატოვებასთან დაკავშირებით მე კონსულტაციები არავისთან არ მქონია,“ - განაცხადა ხადურმა.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, თეიმურაზ ჭკუასელი ამბობს, რომ პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა უნდა შემცირდეს. 

პოლიტსაბჭოში, რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანია თავმოყრილი და მე თანახმა ვარ, რომ შემცირდეს. მე თვითონ შემიძლია ჩემი თავი შევთავაზო, რომ აღარ ვიყო პოლიტსაბჭოში, ეს არ არის პრობლემა,“ - განაცხადა ჭკუასელმა.

პარტიაში ცვლილებების შესახებ კონსულტაციები ყოველდღიურ რეჟიმში მომავალი კვირიდან გაიმართება. ამ დროისთვის, უცნობია, კონკრეტულად რამდენით შემცირდება 21-კაციანი პოლიტსაბჭო.

ამავე თემაზე
დღის ამბები