26 აპრილი 2024,   14:16
ვრცლად
უმთავრესი ამოცანაა ცხოვრების დონის გათანაბრება სხვადასხვა რეგიონებს შორის - გიორგი კვირიკაშვილი

„ჩვენი უმთავრესი ამოცანა გახლავთ ცხოვრების დონის გათანაბრება სხვადასხვა რეგიონებს შორის,“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ახალციხეში გამართულ ფორუმზე გააკეთა.

ფორუმი, სახელწოდებით „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი", დღეს გაიხსნა და მას, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რეგიონულ ხელისუფლებებს კვალიფიციური კადრები სჭირდება.

„ეს უთანასწორობა, რაც დღეს გვაქვს ჩვენ, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის რეფორმას სჭირდება ადამიანური რესურსი, რეგიონულ ხელისუფლებებში ჩვენ გვჭირდება ძალიან კვალიფიციური კადრები,“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, კი აღნიშნა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობები ფინანსურად უნდა გაძლიერდნენ და მათი უფლებამოსილებები უნდა გაფართოვდეს.

„ჩვენი სტრატეგიის მიზანი უნდა იყოს ზუსტად, რომ უფლებამოსილებების გაფართოვება და ფინანსური რესურსების გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობისთვის. ამ მიმართულებით არის შესამუშავებელი დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგია და ამ დოკუმენტზე მუშაობს აქტიურად რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ხვალ კი თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლები საკუთარ ინიციატივებს გაახმოვანებენ.

დღის ამბები