26 აპრილი 2024,   18:31
ვრცლად
12 მაისის სპეცოპერაცია, გაზრდილი კრიმინალი, ფაშისტური ჯგუფები - საჯარო ბოდიშის შემდეგ შს მინისტრს მწვავე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა 

12 მაისის ღამე და სპეცოპერაციის შემდეგ განვითარებული მოვლენები - საჯარო ბოდიშის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრი, სპეცოპერაციის დეტალებზე დღეს საჯაროდ პირველად ისაუბრებს.

გიორგი გახარია პარლამენტში 15:00 საათზე მივა და დეპუტატების მწვავე შეკითხვებს უპასუხებს.

რატომ შევიდა სპეც დანიშნულების რაზმი ღამის კლუბებში პარასკევს ღამით, როცა კლუბებში ყველაზე მეტი სტუმარია, ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტებას და სად არის მკვლელი ნარკოტიკი მეფედრონი, რომლის ამოღებაც სპეც ოპერაციის მთავარ მოტივად დასახელდა- შს მინისტრს პასუხის გაცემა ოპოზიციის ამ და სხვა ბევრ შეკითხვაზე მოუწევს. 

„მთავარი შეკითხვა რაც გვექნება ეს არის ზოგადად კრიმინალური ვითარება ქვეყანაში იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოების აზრით, ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობა არის დამძიმებული, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ ბატონ გახარიას უწყებას. გვაინტერესებს რა პასუხი აქვს მას არა ჩვენთან არამედ ქართულ საზოგადოებასთან- რატომ გაიზარდა კრიმინალი.

"შეკითხვები გვექნება, როგორც იმ რეიდთან და თავდასხმასთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა ღამის კლუბებზე, ასევე ფაშისტური ორგანიზაციების შეუფერხებელ მუშაობაზე, ასევე აფგან მუხთარლის საქმეზე. შეკითხვები არის ძალიან ბევრი,“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.

გამოუძიებელ საქმეებზე, გაზრდილი კრიმინალსა და 12 მაისის სპეცოპერაციის მიზანშეწონილობაზე გაამახვილებს ყურადღებას „ევროპულ საქართველოც“.

„უპრეცენდენტო ზრდა დანაშაულში და რა ქმედით ღონისძიებებს ატარებს სამინისტროს ვითარების შესაცვლელად. პრობლემა გამოუძიებელი საქმეები, რომელიც მრავლად არის დაგროვილი სამინისტროში. ასევე, რა კავშირი აქვს ხელისუფლებას იმ მოძალადე ფაშისტებთან რომლის გამოყენებითაც დააშანტაჟეს კანონიერი, კონსტიტუციური აქციის მონაწილეები“- აცხადებს ოთარ კახიძე.

მინისტრის პარლამენტში მისვლაზე კომენტარი გააკეთა მინისტრის მოადგილემ. ნინო ჯავახაძე აცხადებს, რომ დეპუტატები ყველა არსებულ შეკითხვაზე ამომწურავ პასუხს მიიღებენ.

„მზად ვართ ჩვენ არამხოლოდ მინისტრი არამედ შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხი გავცეთ ყველა კითხვას, რომელიც არსებობს. იქნება საუბარი, როგორც პარასკევის მოვლენებზე ასევე იმ რეფორმებზე, რომელიც სამინისტროსი ხორციელდება ან განხორციელდება მომავალში. ყველა კითხვას გაეცემა პასუხი თუკი რაიმე კითხვა არსებობს, დანარჩენი უკვე შეფასებების ნაწილი იქნება“-აცხადებს შს მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე.

დღის ამბები