26 აპრილი 2024,   19:36
ვრცლად
20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობა - ინტიმური ფოტომასალით შანტაჟისთვის ლადო გრიგალაშვილს ბრალი დაუმძიმდა

20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პროკურატურა პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟში ადანაშაულებს.

კურიერმა მოიპოვა საქმის მასალები, სადაც წერია, რომ ბრალდებული ლადო გრიგალაშვილ გოგოს ფულს სძალავდა და ინტერნეტში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ფოტოების გასაჯაროებით ემუქრებოდა.

გამოძიებით დგინდება, რომ გრიგალაშვილი ახალგაზრდას თავად უთითებდა, როგორ და რა ვითარებაში უნდა გადაეღო საკუთარი შიშველი სხეულისთვის სურათები. ამ სურათების გასაჯაროების მუქარით კი ლადო გრიგალაშვილი ახალგაზრდას ფულს სძალავდა.

სურათები, რომლითაც ლადო გრიგალაშვილი გოგოს ემუქრებოდა, საერთო მიმოწერაში იგზავნებოდა, სადაც გრიგალაშვილის და მსხვერპლის გარდა, სხვა პირებიც იყვნენ.

მიმოწერით, რომელიც გამოძიებამ საქმეში მონაწილე პირების Facebook-ის გვერდიდან ამოიღო, მსხვერპლი სავარაუდო მოძალადეს დროს სთხოვს, რომ საკმარისი თანხის შეგროვება მოახერხოს.

ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი ამტკიცებს, რომ Facebook-ით მიმოწერას კავშირი არა აქვს ანა ნაცვლიშვილის მკვლელობასთან და მეგობრების ხუმრობის გამო, გრიგალაშვილი არ უნდა გასამართლდეს.

სისხლის სამართლის საქმეზე პროკურორსაც და ადვოკატსაც გაუთქმელობის პირობა ჩამოართვეს.

გარდაცვლილი ანა ნაცვლიშვილის მამა დღეს პროცესს არ დაასწრეს. სასტიკ ვითარებაში მოკლული 20 წლის შვილის მშობელს მოსამართლესთან და პროკურატურასთან ერთადერთი მოთხოვნა აქვს - დაისაჯოს ლადო გრიგალაშვილი.

ლადო გრიგალაშვილი, რომელმაც, გამოძიების ცნობით, შეყვარებულს 33 ჭრილობა მიაყენა, ისევ დუმილის უფლებას ინარჩუნებს. დღევანდელ პროცესზე მხოლოდ ის თქვა, რომ უდანაშაულოა და გამოძიების დაწყების პროცესში მას დანაშაული სამართალდამცველებმა ზეწოლის შედეგად აღიარებინეს.

 

დღის ამბები