04 მაისი 2024,   12:47
ვრცლად
სირიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება - საგარეო უწყებაში საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ

საგანგებო შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში - დიპლომატიური უწყება საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს საკუთარ პოზიციას, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში აცნობდა.

საგარეო უწყების პროტესტი სირიის გადაწყვეტილებას მოჰყვა. ასადის რეჟიმმა, ოკუპირებული რეგიონების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად დაადასტურა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას, თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მიზნით მუშაობას შეუდგა.

„უკვე დავიწყეთ მუშაობა იმისთვის, რომ გავწყვიტოთ სირიის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობა. ახლა გვაქვს შეხვედრა თბილისში წარმოდგენილ დიპლომატიურ კორპუსთან, სადაც ვისაუბრებთ შექმნილ ვითარებაზე. გავაცნობთ ჩვენს ხედვებს,“ - განაცხადა დავით დონდუამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გამორიცხავს, რომ რეგიონში სირიის პოზიცია სხვა სახელმწიფოებმაც გაიზიარონ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარონ.

„მთელი ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს მტკიცედ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის, იმ რეგიონის ქვეყნები, რომელშიც მოხდა ეს არალეგალური აღიარება. ჩვენ ძალიან აქტიური კონტაქტები გვაქვს ახლო აღმოსავლეთის, სპარსეთის ყურის, აფრიკის არაბულ სამყაროსთან და ამ მხრივ რაიმე საფრთხე იმისა, რომ ამას ექნება რაიმე რეაქცია, გავლენა სხვა სახელმწიფოების მხრივ მსგავსი არალეგალური ქმედების გამეორებაზე, ამის საფრთხე არ არსებობს,“ - განაცხადა დავით დონდუამ.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სირიამ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ოკუპპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

დღის ამბები