02 მაისი 2024,   23:23
ვრცლად
ოპოზიცია ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს და სირიის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების გატარებას მოითოხვს

სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ოპოზიცია ოფიციალური თბილისის მხრიდან დამასკოს წინააღმდეგ კონკრეტული სანქციების მიღების - მათ შორის ტვირთების დაბლოკვის აუცილებლობაზე საუბრობს. ოპოზიციის წარმომადგენლები დეტალების განსახილველად პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს იბარებენ, თუმცა მოლოდინები პესიმისტურია. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" ქვეყნის საგარეო უწყებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ სამინისტროს თავის დროზე უნდა ემუშავა ეფექტურად და ეს შედეგი არ დადგებოდა. 

"სასწრაფოდ უნდა დაიწყოს აქტიური კონსულტაციები ჩვენს პარტნიორ და მეგობარ სახელმწიფოებთან როგორც ევროკავშირში, ასევე შეერთებულ შტატებში, რათა ეს ფაქტი არ განმეორდეს და რუსეთის გავლენით კიდევ რომელიმე სახელმწიფომ არ მიმართოს იგივე პოლიტიკას,"- აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

"ევროპულ საქართველოში" კი განმარტავენ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლა საკანონმდებლო ორგანოში აუცილებელია, რადგან პარლამენტმა უნდა იცოდეს რა ვითარებაა არაღიარების კუთხით. პარტიაში დამატებით სანქციებზეც საუბრობენ. 

"წესით უნდა განიხილონ სხვა ტიპის სანქციები რაც შეიძლება იყოს შემოღებული. მაგალითად დაწყებული იმით რომ არ დაუშვას სამხედრო ტვირთების გავლა სირიისკენ ჩვენი ტერიტორიების გავლით,"-აცხადებს სერგი კაპანაძე. 

უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ მზად არიან გადადგან ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობას მოემსახურება. 

"სირიის რეჟიმის მიერ აღიარება დეფაქტო რეჟიმების, ეს არის იმის დადასტურება, რომ რუსეთი როგორი ტიპის რეჟიმებთან თანამშრომლობს," - აცხადებს სოფიო კილაძე.

შეგახსენებთ, რომ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა გუშინ აღიარა. დამასკოს არც დაუმალავს, რომ გადაწყვეტილება მისი მთავარი მოკავშირის, რუსეთის გავლენით და ზეწოლით არის მიღებული.

დღის ამბები