26 აპრილი 2024,   20:41
ვრცლად
მერაბ მორჩაძეს და მირზა სუბელიანს ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ხელახალი გამოძიების ფარგლებში დაკავებულებს, მერაბ მორჩაძეს და მირზა სუბელიანს ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინეს.

მერაბ მორჩაძეს მოწმეზე ზემოქმედებაში ადანაშაულებენ. საქმის მასალების მიხედვით, მორჩაძე მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის სასარგებლოდ ჩვენების შეცვლას მიხეილ კალანდიას აიძულებდა.

პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს, მირზა სუბელიანს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

ადვოკატის თქმით, მირზა სუბელიანი წარდგენილ ბრალს აღიარებს. ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარე, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობით დღეს მიმართავს.

„მირზა სუბელიანს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, ეს გახლავთ დანაშაულის შეუტყობინებლობა. წარდგენილ ბრალდებაში თავი მთლიანად, სრული მოცულობით ცნო დამნაშავედ, დღეს სავარაუდოდ, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შუამდგომლობით,“ - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, ის პატიმრობას არ ეთანხმება. ადვოკატმა ასევე, აღნიშნა, რომ საქმის დეტალებზე, გაუთქმელობის ხელწერილიდან გამომდინარე, ვერ ისაუბრებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები