26 აპრილი 2024,   19:35
ვრცლად
"დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი გამოძიების მიერ დადგენილი არ არის" - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატის მიერ შესწავლილი მასალით დადგინდა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეში მონაწილე ყველა პირი გამოვლენილი და დასჯილი არ არის.

ეს განცხადება ნინო ლომჯარიამ პარლამენტში გააკეთა, სადაც ის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დასასწრებად მივიდა.

"დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი გამოძიების მიერ დადგენილი არ არის.

რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვები, თუ რატომ მივედით ამ შედეგამდე, რატომ არ არის დადგენილი მკვლელობის მონაწილე ყველა პირი. თავად გამოძიების მასალებსაც თუ შევხედავთ არაერთი კითხვის ნიშანი ჩნდება, თვალშისაცემია გარკვეული გარემოებები, რომ კონკრეტული პირების, კონკრეტული პიროვნებების მიმართ არ არის ჩატარებული ის აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები, რაც უნდა ჩატარებულიყო და რაც ჩატარებულია სხვა პირების მიმართ. ასევე ყურადღება არ აქვს მიქცეული გამოძიებას იმ დეტალებზე, რომლებზეც მოწმეები თუნდაც ზოგადი სახით საუბრობდნენ.

არ არის დასმული კითხვები,რასაც შეიძლება კვალზე გავეყვანეთ. საერთო ჯამში, ვფიქრობთ, რომ გამოძიებამ ვერ ან არ შეძლო გამოევლინა მკვლელობის ყველა მონაწილე", - განაცხადა სახალხო დამცველმა.

მისივე თქმით, გამოძიება ორი მიმართულებით უნდა წარიმართოს. პირველი - უნდა გაგრძელდეს გამოძიება მკვლელობაში მონაწილე სხვა პირების დასადგენად და მეორე - უნდა დადგინდეს ჩაერია თუ არა ვინმე , რომ გამოძიებას ვერ დაედგინა, დანაშაულში მონაწილე კონკრეტული პირები.

"გამოძიება უნდა გაგრძელდეს მკვლელობაში მონაწილე პირების დასადგენად. გამოძიება უნდა წარიმართოს იმ პირთა დასადგენად ვინც გარკვეული გავლენა მოახდინა გამოძიებაზე, რომ ეს შედეგი დამდგარიყო...ამაში შეიძლება იგულისხმებოდეს გამომძიებლები, პროკურორები და ყველა ის პირი, რომელსაც შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა გამოძიებაზე"- განაცხადა ლომჯარიამ.

საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დღეს დასაკითხად დაზარალებულები არიან დაბარებული. სხდომაზე კომისიის წევრების კითხვებს უკვე პასუხობს მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა. ზაზა სარალიძის შემდეგ, დეპუტატების კითხვებს კიდევ ერთი მოკლულის, ლევან დადუნაშვილის ოჯახის წევრები უპასუხებენ.

დღის ამბები