19 ივნისი 2019,   21:50
ვრცლად
ბიუროკრატიული ხარჯები არ შემცირდება - ოპოზიცია მმართველ გუნდს ხალხის მოტყუებაში ადანაშაულებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე მთავრობაში დიდ რეორგანიზაციას აანონსებს, თუმცა, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე მმართველ გუნდში უკვე აღარ საუბრობენ.

დღეს გაირკვა, რომ სამინისტროების მექანიკური გაერთიანება მოხდება, თანამშრომელთა რიცხვი არ შემცირდება და არც ფული, რომელსაც ეს სამინისტროები ხარჯავენ.

ის, რომ სამინისტროების გაერთიანების მიზანი ხარჯების შემცირება და დაახლოებით, 120 მილიონი ლარის დაზოგვა იყო, ეს განცხადება, ახალმა პრემიერმა წარდგენის დღესვე გააკეთა.

დღეს კი მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ თანხების იმავე რაოდენობას დახარჯვას რასაც წელს, თუმცა სამომავლოდ აღარ გაზრდის.

საპარლამენტო პარტიები „ქართულ ოცნებას“ ხალხის მოტყუებაში და მცირე მთავრობის კონცეფციის იდეის დამახინჯებაში ადანაშაულებენ.

ბიუროკრატიული ხარჯების დაზოგვას მთავრობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ხარჯების ზედა ზღვარის დაწესებით გეგმავს. მამუკა ბახტაძის პროგნოზით, ეს 3.9 %-ზე მეტი არ უნდა იყოს, შედეგად კი, მცირდება პროცენტული მაჩვენებელი ფურცელზე და არა რეალური ხარჯი.

მცირე მთავრობის კონცეფციის განხორციელება ხარჯების რეალური შემცირების გარეშე საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად მიაჩნიათ ექსპერტებს. სპეციალისტების ნაწილის განცხადებით, 4 პროცენტამდე დაწესებულ ზღვარში ახალი არაფერია და თუ მოქმედ პრემიერს რეალური ცვლილებების გეგმა აქვს, ხარჯები უნდა შეამციროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცვლილებები ფასადური იქნება.

სტრუქტურული ცვლილებების და სამინისტროების შემცირების შესახებ პროექტის განხილვა მომავალ კვირაში დაიწყება. ამ მიზნით 150-მდე კანონში ცვლილების განხორციელება იგეგმება.

დღის ამბები