26 აპრილი 2024,   19:00
ვრცლად
ტყიბულის შახტის ხელისუფლებისთვის გადაცემის შეთავაზება - მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეფასებები

ტყიბულის შახტის ხელისუფლებისთვის უსასყიდლოდ გადაცემის შეთავაზებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საკითხი დეტალურად უნდა შეისწავლონ, მათ შორის კომპანია „საქნახშირის“ ფინანსური მდგომარეობა. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის ბიუჯეტში შესაბამისი თანხა არ არის გათვალისწინებული.

„ეს საკითხი უნდა შეისწავლოს ეკონომიკის სამინისტრომ განცხადება გააკეთოს იმის შესახებ, როგორი ითანამშრომლებენ შემდგომში კომპანიასთან. იქ დასაქმებული ადამიანების სამუშაო ადგილებს საფრთხე აღარ უნდა შეექმნას და მუშაობა გაგრძელდეს. საკითხი უნდა იქნას შესწავლილი, თუ იმდენად სახიფათოა საბადო, რომ შეიძლება დაიხუროს, ეს საკითხიც ცალკე უნდა იქნას შესწავლილი, მაგრამ ფაქტი ერთია, ადამიანის სიცოცხლე არის უპირატესი და თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, არ შეიძლება, რომ სამუშაოები გაგრძელდეს,“- განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.

 პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, „საქნახშირის“ შეთავაზება მისთვის მოულოდნელი იყო და საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ მამუკა ბახტაძის პოზიციას გაიზიარებს. 

„თუ მოხდება ნაციონალიზაციის გზით წასვლა, მაშინ მთავრობას მოუწევს თავის თავზე აიღოს ყველა იმ ღონისძიების გატარება, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ უსაფრთხოების ნორმები იქნას მიღწეული და ამას სჭირდება გარკვეული გონივრული ვადა და გონივრული რაოდენობა სახსრების, ამ ხნის განმავლობაში კომპენსაციების გაწევაც მოუწევს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უმუშევრები დარჩებიან. რთული თემაა, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ რაღაც გზა უნდა ავირჩიოთ,“- განაცხადა რომან კაკულიამ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფოსთვის შეთავაზება არამომგებიანი და არასწორია. მათი შეფასებით, მსგავსი კომპანიები კერძო სექტორის ხელში უნდა იყვნენ. ხელისუფლების ოპონენტები ასევე ყურადღებას იმაზეც ამახვილებენ, რომ სახელმწიფომ მაქსიმალური ზომები უნდა განახორციელოს, რომ შახტში უსაფრთხოების ნორმები იყოს დაცული.

„ეს თითის გაშვერა, რომ კვირიკაშვილის ბრალია, ხვალ ბახტაძის ბრალი იქნება, რეალური პრობლემა გვაქვს სხვაგან. პრობლემა არის ხელისუფლება, რომელმაც ამდენი წლის განმავლობაში სათანადო რეაგირება ვერ მოახდინა, ვერც კანონი შეცვალა და ვერც არსებული აამოქმედა,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.

ოპოზიციის შეფასებით, დაუშვებელია, რომ ტყიბულში, შახტში ამ რაოდენობის ტრაგედიები ხდება.

„სახელმწიფოს და კერძო ინვესტორის ვალია, რომ იქ იყოს დაცული უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები. მნიშვნელობა იმას კი არ აქვს ვის ხელში იქნება კომპანია, არამედ რამდენად დაცული იქნება იქ მომუშავე ადამიანების სიცოცხლის პირობები. შახტის დახურვა გამოსავალი არ არის, რადგან იქ 1400 ადამიანი მუშაობს, რომელსაც ყოველდღიური შემოსავალი სჭირდებათ,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზალიკო უდუმაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები