26 აპრილი 2024,   21:23
ვრცლად
"პირდაპირ ღიად იმუქრება და იმუქრება ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, რაც ყველაზე უფრო სამწუხაროა"-პუტინის განცხადებას თბილისში ეხმაურებიან

ვლადიმერ პუტინის განცხადებას საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თბილისში ეხმაურებიან. საუბარია რუსეთის პრეზიდენტის ინტერვიუზე, რომელიც მან Fox news-ს მისცა.

რუსეთის პრეზიდენტს, ოკუპირებული ქვეყნების შესახებ, შეკითხვა ჟურნალისტმა დაუსვა და პირდაპირ ჰკითხა, რა რეაქცია ექნება მოსკოვს ამ ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების შემთხვევაში. ვლადიმერ პუტინმა შეკითხვას ღია მუქარით უპასუხა და განაცხადა, რომ რუსეთის საზღვრებთან ალიანსის ინფრასტრუქტურის მიახლოებას კრემლი პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს.

თბილისში ამბობენ, რომ თუ კი აქამდე პუტინი ამბობდა, რომ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, ახლა ის უკვე ღიად აფიქსირებს, რომ არ დაუშვებს არა მხოლოდ გაწევრიანებას არამედ თანამშრომლობასაც კი. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებლის თორნიკე შარაშენიძის განცხადებით ყველაზე სამწუხარო ის ფაქტია, რომ პუტინი ღიად იმუქრება აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

„ჩვენ გვქონდა ფორმულა ბოლო რამდენიმე წელი ფორმულა, რომ მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში და როგორც ჩანს ამის წინააღმდეგიც არის და ამას არც მალავს და პირდაპირ ღიად იმუქრება. და ღიად იმუქრება აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, რაც ყველაზე უფრო სამწუხაროა. ერთ მხარეს დგას მილიარდერი და მეორე მხარეს დგას მილიარდერიც და ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსიც, რომელმაც სამწუხაროდ ბოლო ათწლეულებია ჯიბეში ჩაისვა ძალიან ბევრი დასავლეთში. მათშორის ამერიკის პრეზიდენტები. ეს არის ძალიან  მძიმე რეალობა და ჩვენ მომავალი ორი წელი კიდევ ძალიან რთული პერიოდი გველის თუ კი რა თქმა უნდა ტრამპმა არ გადახედა თავის პოლიტიკას,“-განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

პუტინის განცხადებას ეხმაურება ანალიტიკოსი ნოდარ ხარშილაძეც. მისი თქმით საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა მიზანი, რომ საქართველო ამოვარდნილიყო საგარეო პოლიტიკიდან და როგორც ჩანს ამას მიაღწია.  

„ჩვენ ხელისუფლებას გქონდა ასეთი მიზანი, რომ საგარეო პოლიტიკაში საქართველო ამოვარდნილიყო თემებიდან. ვულოცავ, დღეს საქართველოს ხელისუფლებას, მათ ამ შედეგს მიაღწიეს. საქართველო აღარ არის საერთაშორისო დღის წესრიგში და ვართ დარჩენილები მეგალომანიაკების იმედად, როდის რომელ დღეს მოუნდებათ ასე ვთქვათ ჩვენი დაჩაგვრა. ამიტომ ვთვლი, რომ დღეს არც საგარეო საერთაშორისო მდგომარეობა არც საქართველოში არსებული მთავრობა არ იძლევა იმის რაღაც იმედს, რომ რამე გამოსწორდება,“-განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ექსპერტი თავდაცვის საკითხებში თინა ხიდაშელი კი ფიქრობს, რომ იმ ფონზე, როდესაც დონალდ ტრამპმა შექმნა არაერთი პრობლემა საქართველოს ნაირი პატარა ქვეყნისთვის არ არის ადვილი იყოს ნომერ პირველი თემა.

„ნატოს სამიტი, რომელიც ამ უამრავი ჰიბრიდული გამოწვევების ფონზე, ამ უამრავი პრობლემის მოგვარებას უნდა დათმობოდა, ძირითადად დაეთმო იმას, რომ პრეზიდენტ ტრამპთან მოეგვარებინათ ევროპულ ქვეყნებს ურთიერთობები. ამიტომ პრობლემები, საერთაშორისო პოლიტიკაზე ვსაუბრობდით ჩვენ და არის უზარმაზარი მსოფლიო ლიდერი ქვეყნის ხელისუფლების მიერ შექმნილი და შესაბამისად, ამ ვითარებაში საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის არ არის მარტივი იყოს დღის წესრიგის პირველ ადგილზე,“-განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

დღის ამბები