26 აპრილი 2024,   18:52
ვრცლად
"კურიერის" წყარო: მღებრიშვილმა თანამდებობა დატოვა

საკადრო წმენდა საქართველოს ხელისუფლებაში გრძელდება - „კურიერის“ ინფორმაციით, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა გიორგი მღებრიშვილმა.

წყარო „კურიერს“ უყვება, რომ მღებრიშვილის განცხადება საკუთარი სურვილით არ დაუწერია და მას თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს.

„კურიერის“ წყაროს ინფორმაციით, მღებრიშვილს თანამდებობის დატოვება ახალმა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ მოსთხოვა.

მთავრობის ადმინისტრაციაში, ჯერჯერობით, ოფიციალური განცხადება არ კეთდება მღებრიშვილის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით. წყაროს ინფორმაციით, მღებრიშვილი უკვე დაემშვიდობა თანამშრომლებს.

„კურიერთან“ საგანგებო სიტუაციებისა და კრიზისების მართვის სამსახურის  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი, თეა პერტაია არ აკონკრეტებს, დატოვა თუ არა თანამდებობა მღებრიშვილმა.

„მე არ ვარ მედიასთან ურთიერთობასთან პასუხისმგებელი პირი... მე ამ ინფორმაციაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ,“ - განაცხადა თეა პერტაიამ.

არ არის გამორიცხული, მღებრიშვილი გახდეს მესამე ყოფილი მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილის და ზურაბ ალავიძის შემდეგ, ვისი საქმიანობის შესწავლასაც პროკურატურა დაიწყებს.

დღის ამბები