26 აპრილი 2024,   18:09
ვრცლად
„იყვნენ ადამიანები უმრავლესობაში, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ჯობდა ჩვენი მხრიდან ყოფილიყო დაყენებული კანდიდატი“ - კობახიძე

„იყვნენ ადამიანები უმრავლესობაში, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ჯობდა ჩვენი მხრიდან ყოფილიყო დაყენებული კანდიდატი,“ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა. 

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ გუნდის შიგნით, გადაწვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუ რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დრო 8 სექტემბრამდეა

„ჩვენ არ გვეჩქარება ჩვენი პოზიციის დაფიქსირება საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. გვაქვს ვადა, სამართლებრივი ვადა არის 8 სექტემბერი, თუ არ ვცდები. გვაქვს კიდევ, დაახლოებით ერთი თვე და შესაბამისად ვიმოქმედებთ. არ გვეჩქარება არსად. ჩვენ გადავხედავთ არსებულ სპექტრს და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. იყო გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, როცა განხილვა წარიმართებოდა. იყვნენ ადამიანები უმრავლესობაში, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ჯობდა ჩვენი მხრიდან ყოფილიყო დაყენებული კანდიდატი. თუმცა, მთლიანობაში, საბოლოოდ, ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება“ არ წარდგება თავისი კანდიდატით ამ არჩევნებში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თბილისის მერი, კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსად ამბობს, რომ დრო ჯერ კიდევ აქვთ და ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლოა კიდევ დარეგისტრირდნენ დამოუკიდებელი კანდიდატები.

„ჯერ დრო არის, ვუყურებთ ზოგადად კამპანიას ჯერ. აქტიურ ფაზაში არ არის შესული. ვნახოთ, შეიძლება სხვა კიდევ ბევრი დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდეს. ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ კანდიდატი იყოს დამოუკიდებელი და არ განეკუთვნებოდეს რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები