26 აპრილი 2024,   17:54
ვრცლად
„ქართული ოცნების“ სურვილია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები ასეთ თემებზე კინკლაობდნენ - ბოკუჩავა პრეზიდენტის სასახლის მდებარეობაზე

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი, თინათინ ბოკუჩავა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდეს.

თინათინ ბოკუჩავას თქმით, სწორედ მმართველი პარტიის ინტერესშია, რომ რეალური პრობლემებიდან ყურადღება მსგავს დეტალებზე გადაიტანოს საზოგადოებამ.

„ეს არის ხელისუფლება, რომელიც გაბერილი პრემიებით გამოირჩევა და ამაში ხარჯავს ყველაზე დიდ ნაწილს ბიუჯეტის. ეს არის „ქართული ოცნების“ სურვილი, რომ ასეთი ტიპის დებატი შედგეს საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის, რომ მაღალი თანამდებობის პირები და საპრეზიდენტო კანდიდატები ასეთ თემებზე კინკლაობდნენ ნაცვლად იმისა, რომ მართლაც მსჯელობდნენ იმაზე, თუ როგორ გაიყვანონ ჩვენი ქვეყანა ფონს, მაშინ, როდესაც ასეთი გაჭირვებაა, მაშინ, როდესაც ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ უმჯობესია პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში გადავიდეს დღეს  საქართველოს პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მოქალაქეებს მინიმალური თანხა უნდა უჯდებოდეს სახელმწიფო სტრუქტურების შენახვა.

დღის ამბები