26 აპრილი 2024,   14:56
ვრცლად
შემთხვევით მოხვდა მონადირის ტყვია - 23 წლის ჯარისკაცის მკვლელობას თანასოფლელები უბედურ შემთხვევას უკავშირებენ

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ხვედურეთში ჯარისკაცის მკვლელობის ფაქტს უბედურ შემთხვევად თვლიან მეზობლები.

ადგილობრივების განცხადებით, მოკლული მამაკაცი და ბრალდებული თანასოფლელები არიან და მათ შორის კონფლიქტი არ ყოფილა.

„ერთი სოფლელები არიან. არანაირი შელაპარაკება არ ყოფილა, არც სროლა ყოფილა, ნადირობისას მოხდა რაღაც შემთხვევით. ნადირობისას გზაზე გამვლელს მოარტყა შემთხვევით მონადირემ“- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

23 წლის ახალწვეული მშობლიურ სოფელში უქმეებზე იმყოფებოდა. მკვლელობაში ბრალდებული იდენტიფიცირებული და დაკავებულია.

როგორც დაკავებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, მათთვის არ არის ცნობილი რა მოხდა შემთხვევის ადგილზე, თუმცა დაზუსტებით იციან, რომ კონფლიქტი არ მომხდარა. დაკავებულის და ამბობს, რომ მისი ძმა პოლიციას თავად ჩაბარდა.

„არანაირი კონფლიქტი, მოხდა შემთხვევით უბედურება, სხვა არაფერი ვიცი. წავიდა თვითონ ჩაბარებული, რა მოხდა და როგორ მოხდა გაირკვევა“-ამბობს დაკავებულის და თეა თედოზაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 108-ე მუხლით მიმდინარეობს. 

დღის ამბები