03 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
"ბოიკოტი რაა, მესიჯბოქსში ზიხარ?... - შელაპარაკება ხოშტარიასა და მმართველი გუნდის წევრებს შორის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე

საგამოძიებო კომისიის ხმაურიანი დასკვნა პოლიტიკური ურთიერთბრალდებების მიზეზი ხდება - საპარლამენტო ოპოზიცია არასრულწლოვანების მკვლელობის საქმის მთავარი ფიგურანტის, მიხეილ კალანდიას, წინააღმდეგ მკვლელობის მუხლით გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

მიხეილ კალანდია, რომელიც მკვლელობის მომენტში ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდა, საქმის მთავარი მონაწილე და პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის, ახლო ნათესავია.

საგამოძიებო კომისია კონკრეტულ მტკიცებულებებს, მათ შორის, რუსთავი2-ის ეთერში გასულ საგამოძიებო სიუჟეტებს ეყრდნობა. მმართველი გუნდი კი დასკვნის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს და ოპოზიციას სიცრუეში ადანაშაულებს.

ქართული ოცნების წევრები საგამოძიებო კომისიის დასკვნის მოსმენას ცოტა ხნის წინ შეუერთდნენ. მათ სხდომაზე დაბრუნებას ელენე ხოშტარიას რეპლიკა მოჰყვა.

„მოგესალმებით ორდღიანი ბოიკოტის შემდეგ ქართული ოცნების წარმომადგენლებს,“ -განაცხადა ელენე ხოშტარიამ, რასაც დიმიტრი ცქიტიშვილის შენიშვნა მოჰყვა.

„ბოიკოტი რაა, მესიჯ ბოქსში ზიხარ?“ - განაცხად დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, ბოიკოტს ადგილი არ ჰქონია.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროპული საქართველოს წევრები ამ დღეების განმავლობაში არაკოლეგიალურ განცხადებებს აკეთებდნენ.

„ის განცხადებები, რომელიც თქვენი მხრიდან კეთდებოდა, არის ძალიან არაკოლეგიალური, უსამართლო და არის სიცრუე, რასაც თქვენ და რუსთავი2 საზოგადოებას ერთ ხმაში ეუბნებოდით, რომ, თითქოს, ჩვენ ბოიკოტი გამოვუცხადეთ კომისიის საქმიანობას,“ -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

მის საპასუხოდ განცხადება კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა.

„ძალიან ცუდია, რომ შეფასებას  და სიცრუეს შორის თქვენ, როგორ ჩანს, განსხვავების იდენტიფიცირებას ვერ აკეთებთ. ბოიკოტი იმ ორი სხდომის და არა მთლიანად პროცესის - ეს იყო ჩემი შეფასება იმიტომ, რომ, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ორ სხდომას, რომელზეც იცით, რომ კონკრეტული თავები იქნება განხილული და არ დაესწრებით, მე ამას ვაფასებ, როგორც ბოიკოტს. ეს არის ჩემი უფლება,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

დღის ამბები