26 აპრილი 2024,   20:20
ვრცლად
საკადრო წმენდა განათლების სამინისტროში - თანამდებობა მინისტრის მოადგილეებმა და უწყების ოთხმა მაღალჩინოსანმა დატოვა

მაია მიმინოშვილი, თამარ სანიკიძე, გია მაჩაბელი და მანანა მიქაბერიძე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. განათლების მინისტრი „კურიერს“ უდასტურებს, რომ გათავისუფლებული მაღალჩინოსნების საქმიანობას აუდიტის სამსახური სწავლობს. მიხეილ ბატიაშვილს კონკრეტულ გადაცდომებზე საუბარი ჯერ არ სურს, თუმცა ამბობს, რომ საზოგადოება მალე გაიგებს რა გახდა, სამინისტროში საკადრო წმენდის მიზეზი.

სისტემურ პრობლემებზე პასუხისმგებელ პირებად მინისტრმა დღეს "გამოცდების ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, "განათლების ხარისხის ცენტრის დირექტორი" თამარ სანიკიძე, მისი ორი მოადგილე - ლია გიგაური და თემურ მურღულია, "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელი გიორგი მაჩაბელი და "ეროვნული სამეცნიერო ფონდის" დირექტორი მანანა მიქაბერიძე დაასახელა. მინისტრი დღეს მათ საჯაროდ დაემშვიდობა და განათლების სისტემის რეფორმა დააანონსა.

გათავისუფლებულები დღეს მედიასთან არ გამოჩენილან. მაია მიმინოშვილი თანამშრომლებს უკვე დაემშვიდობა. შეხვედრიდან გამოსულები აცხადებდნენ, რომ გამოცდების ცენტრის დირექტორმა პოსტი საკუთარი განცხადებით დატოვა და ის მინისტრს არ გაუთავისუფლებია. 

განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელის, თამარ სანიკიძის გათავისუფლების შესახებ სტუდენტებმა სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს შეიტყვეს. მთავარი კითხვები ბოლო პერიოდის განმავლობაში სანიკიძესთან სწორედ შავი ზღვის უნივერსიტეტის ირგვლივ განვითარებული პროცესების გამო გაჩნდა.

ვინ დაიკავებს 6 ვაკანტურ თანამდებობას - განათლების მინისტრს დღეს გათავისუფლებულების შემცვლელების შესახებ არ უსაუბრია.

 

დღის ამბები