26 აპრილი 2024,   13:41
ვრცლად
ეს „ქართული ოცნების“ შიდა დაპირისპირებაა, გოგიას მფარველები გამოეცალა - "ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მერის გადადგომაზე საუბრობს

ზუგდიდის უკვე ყოფილი მერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ანტიკორუფციულმა სააგენტომ ლაშა გოგიას წინააღმდეგ გამოძიება "კურიერში" გასული იმ ფარული ჩანაწერის შემდეგ დაიწყო, რომელში ზუგდიდის მერის სავარაუდო კორუფციული გარიგება იკვეთება.

დღეს გოგიამ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი უკანონო საქმიანობის შესახებ „შაბათის კურიერი“ მის სატელეფონო ჩანაწერს ფლობდა.

ოპოზიციაში უკვე გაკეთდა პირველი განცხადებები. „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ზუგდიდის მერმა თანამდებობა არა სკანდალური ჩანაწერის, არამედ მფარველების დაკარგვის გამო დატოვა.

„კორუფციის გამო არ მომხდარა ლაშა გოგიას გათავისუფლება ეს არის „ქართული ოცნების“ შიდა დაპირისპირება. იყო პერიოდი, როცა გოგიას მფარველები ჰყავდა ქართულ ოცნებაში,  როგორც კი მისი მფარველები წავიდნენ მართვის წრეებიდან, ხედავთ ერთი თვის განმავლობაში მოხსნილი იქნა გუბერნატორის მოადგილეები, აპარატის ხელმძღვანელობა, მოხსნილს დავარქმევ გოგიას.

მას გამოეცალა მფარველები „ქართულ ოცნებაში,“ როგორც კი გამოეცალა შემდგომ უკვე ის აიძულეს გაეკეთებინა განცხადება სოციალურ ქსელებში, უბრალოდ მათ ვეღარ დამალეს ის კორუფციული სქემები, რომელიც არსებობდა და არსებობს ზუგდიდის გამგეობაში და იძულებეული გახდნენ აღეძრათ საქმე,“-ამბობს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი ლაშა დამენია.

ამავე თემაზე
დღის ამბები