26 აპრილი 2024,   18:58
ვრცლად
სავარაუდო კორუფციული სკანდალი ზუგდიდის მერიაში - გამოკითხვაზე მყოფმა კახა მიქაიამ სუს-ს ფარული აუდიოჩანაწერები გადასცა

სავარაუდო კორუფციული სკანდალი ზუგდიდის მერიაში - დაიცავი საქართველოს სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, კახა მიქაიამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, დაახლოებით, სამსაათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა.

ის სუს-ში სკანდალური ჩანაწერების გამო დაიბარეს, რომელიც მერიაში შესაძლო კორუფციას შეეხება და რომელზეც გამოძება კურიერის ეთერში გასაჯაროვების შემდეგ დაიწყო.

კახა მიქაიამ უწყებას ფარული აუდიოჩანაწერები გადასცა.

„გარკვეული კითხვები მათ ჰქონდათ, რა თქმა უნდა, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვერ ვისაუბრებ ყველაფერს. იმედი მაქვს, რომ ჩემს მიერ დატოვებული მეხსიერების ბარათი დაეხმარება გამოძიებას, რომ გამოძიება ჩატარდეს სწრაფად და ეფექტიანად. მე ვთვლი, რომ ამ ჩანაწერში იკვეთება კორუფციული დანაშაული და ამიტომ გავხადე საჯარო ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის,“ - განაცხადა კახა მიქაიამ.

სუს-ში დღეს გამოკითხვაზე ასევე იმყოფება ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია და ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია.

ლაშა გოგიამ სუს-ის შენობაში შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ორშაბათს ისაუბრებს.

გოგიამ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც შეიტყო, რომ შაბათის კურიერი მის შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე ჩანაწერს ფლობდა.

საუბრიდან, რომელიც ფარულად არის ჩაწერილი, ირკვევა, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა აუქციონში გამარჯვების სანაცვლოდ, წინასწარ ზუგდიდის მერს და მის მოადგილეს ქრთამი მისცა, თუმცა პირობა დაირღვა და ზურაბ კვირკვიას სასურველი ტერიტორიები არ გადასცეს.

დღის ამბები