26 აპრილი 2024,   14:18
ვრცლად
მილიონობით ლარის დაუსაბუთებელი ხარჯვა - აუდიტი ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობაზე 26-გვერდიან მწვავე დასკვნას აქვეყნებს

ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობაზე 26-გვერდიანი დასკვნა სახელწმიფო აუდიტორებმა რამდენიმეთვიანი შემოწმების შედეგად გამოაქვეყნეს. სახელმწიფო მაკონტროლებლებმა გიორგი გახარია და დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის პერიოდი შეისწავლეს.

რევიზიის შედეგად დადგინდა, რომ პროექტისთვის „აწარმოე საქართველოში“ გამოყოფილი თანხების დეტალურად არ კონტროლდება და სამინისტრო თავად არ ამოწმებს, ვინ და რისთვის იყენებს 100 ათასობით ლარს.

ეკონომიკის სამინისტრომ 4 კომპანია დაიქირავა იმისთვის, რომ გაერკვიათ, ასრულებენ თუ არა „აწარმოე საქართველოს“ პროექტიდან დაფინანსებამიღებული ბენეფიციარები ვალდებულებს. თითო შუამავალ კომპანიას ეკონომიკის სამინისტრო ნახევარ მილიონამდე ლარს უხდიდა.

აუდიტორები წერენ, რომ ძირითად შემთხვევაში კომპანიებმა ვალდებულება არ შეასრულეს და უცნობი იყო, „აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციარები რაში ხარჯავდნენ ბიუჯეტის ფულს. აუდიტორებმა დაადგინეს, რომ გაურკვეველია, რაში დაიხარჯა ხალხის კუთვნილი 300 ათასი ლარი.

მწვავე დასკვნაში აუდიტორები იმ პროექტის ხარვეზებზე მიუთითებენ, რომელსაც, მთავრობის გათვლებით, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა. თუმცა აღმოჩნდა, რომ არავის გაუკონტროლებია ვინ, რატომ და როგორ ხარჯავს ბიუჯეტის თანხას.

„აწარმოე საქართველოს“ კორუფციული რისკების შესახებ შეაჩერე კორუფცია რამდენიმე თვის წინ ალაპარაკდა.

ორგანიზაციის მკვლევარი, ქეთი ენუქიძე, დიდი ხანია, სწავლობს პროექტის საქმიანობას და ამბობს, რომ ის რეალურ მიზნებს არ ემსახურება.

კონტრაქტორ კომპანიებში, რომლებიც სამინისტრომ მონიტორინგისთვის დაიქირავა, აუდიტორების შენიშვნას არ იღებენ. ამბობენ, რომ ყველაფერს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით აკეთებენ.

პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შესაძლო არამიზნობრივ ხარჯებზე საუბრობს ოპოზიციაც.

ხელისუფლების ოპონენტები ეკონომიკის ყოფილი მინისტრების პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე საუბრობენ, რადგან მიიჩნევენ, რომ გახარიას მიერ დაწყებული საბიუჯეტო თანხის შესაძლო გაფლანგვის ტრადიცია მოგვიანებით დიმიტრი ქუმსიშვილმა წარმატებით გააგრძელა.

 

 

დღის ამბები