26 აპრილი 2024,   14:50
ვრცლად
ლევან ყიფიანით ეს საკითხი არ უნდა დაიწყოს და დამთავრდეს - "ომეგა ჯგუფის" ადვოკატი, გიორგი ფანცულაია

სახელმწიფო რეკეტის საქმეზე დეტალური ინფორმაცია გამოძიებას დღეს, მოსამართლის თანდასწრებით, ომეგა2-ის გენერალურმა დირექტორმა მიაწოდა.

გიორგი ქურდაძეს დაკითხვის დეტალებზე არ უსაუბრია, მისი ადვოკატი კი ამბობს, რომ კონკრეტული ფაქტები, რომელიც გამოძიებას დღეს ომეგა ჯგუფის წარმომადგენელმა მიაწოდა, ტელეკომპანია იბერიას და ომეგა ჯგუფის წინააღმდეგ ჩადენილ კანონდარღვევებს ადასტურებს და კონკრეტული, ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების სამართლებრივი პასუხისმგებლობა იკვეთება.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით, გამოძიება მხოლოდ ლევან ყიფიანზე არ უნდა შეჩერდეს.

„კიდევ ერთხელ საბოლოოდ დადასტურდა ამ გამოკითხვების შემდგომ, რომ ლევან ყიფიანით ეს საკითხი არ უნდა დაიწყოს და დამთავრდეს იმიტომ, რომ ლევან ყიფიანის უკან იყო კონკრეტული პირები, კონკრეტული ჯგუფები, რომლის მეშვეობითაც მოქმედებდა ლევან ყიფიანი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება დასრულებული გამოძიება,“ - განაცხადა ფანცულაიამ.

პროკურატურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და იგეგმება ყველა იმ პირის დაკითხვა, ვინც სკანდალურ ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს.

გამოძიება სახელმწიფო რეკეტის საქმეზე პროკურატურამ სხვისი კუთვნილი ფულადი თანხის დიდი ოდენობის მოტყუებით დაუფლების მუხლით დაიწყო.

დღის ამბები