26 აპრილი 2024,   19:58
ვრცლად
ედიშერ ებანოიძის გარდაცვალების საქმე - ოჯახი ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს თანამშრომლებს მკვლელობაში ადანაშაულებს

37 წლის ედიშერ ებანოიძის გარდაცვალების საქმე ისევ აქტუალური ხდება. ჩინურ კომპანიაში დასაქმებული ებანოიძის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთხელ გამოკითხეს.

ამ დრომდე საქმე ქურდობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა ოჯახი ამტკიცებს, რომ ებანოიძე მოკლულია და მას ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს თანამშრომლები გაუსწორდნენ, რომლებიც ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბს აშენებდნენ.

სხვადასხვა დაზიანებით, ნაჭდევებითა და ჭრილობებით ებანოიძის ცხედარი იმ სახლში იპოვეს, რომელიც რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულ ჩინეთის მოქალაქეებს ჰქონდათ ნაქირავები.

გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით, ედიშერ ებანოიძე მკვლელობის დღეს ჩინური კომპანიის ოფისში დაგვიანებული ხელფასის ასაღებად მივიდა. ერთ-ერთი ვერსიით, ამ ფაქტმა კომპანიის თანამშრომლების გაღიზიანება გამოიწვია, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. გარდაცვლილის ძმა დარწმუნებულია, რომ მამაკაცი ჩინეთის მოქალაქეებს ჩხუბის დროს შემოაკვდათ და ცხედარი მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოაგდეს.

საქმის მასალების მიხედვით, ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა გამოძიებას ჩვენება მისცეს, რომ ებანოიძე მათ სახლში ქურდობის მიზნით შევიდა, შემდეგ კი ფანჯრიდან გადახტა. ამ ვერსიას გარდაცვლილის ოჯახი კატეგორიულად არ ეთანხმება და მუხლის გადაკვალიფიცირებას 2 წელზე მეტია, უშედეგოდ ითხოვს.

ადგილობრივები ადასტურებენ, რომ ებანოიძესა და ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს შორის კონფლიქტი ნამდვილად მოხდა.

არაერთი მოთხოვნის და აქციის მიუხედავად, გარდაცვლილის ოჯახს საქმის მასალებზე წვდომა ამ დრომდე არ აქვს. რამდენიმე თვის წინ საქმის გამოძიება სამართალდამცველებმა დაასრულეს და მამაკაცის მკვლელობის ვერსია სრულად გამორიცხეს, თუმცა ოჯახისთვის გაურკვეველი მიზეზით საქმეზე გახარიას უწყებამ ახალი გამოძიება დაიწყო.

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი

დღის ამბები