26 აპრილი 2024,   19:50
ვრცლად
"არ გასდის არცერთ პოლიტიკურ ძალას შეურაცხყოფა და ავტომატჩიკიანების მოსმა თავზე“ - ხოშტარია პარლამენტს სკანდალურ ჩანაწერზე რეაგირებას სთხოვს

ცხარე დაპირისპირება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ელენე ხოშტარიამ კომიტეტის თავმჯდომარეს მირზა სუბელიანის სკანდალურ განცხადებებზე რეაგირება მოსთხოვა.

საუბარია იმ სკანდალურ აუდიო ჩანაწერზე, რომელიც „რუსთავი2“-მა გუშინ გაავრცელა.

ჩანაწერში მირზა სუბელიანი ხელისუფლების არაერთ დანაშაულში ამხელს და ამბობს, რომ მას 50 კაციანი შეიარაღებული ჯგუფი ჰყავს.

ჩანაწერის ავთენტურობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა გუშინ მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე

„თქვენც უნდა წააგოთ არჩევნები იმისთვის, რომ მიხვდეთ, არ გასდის არცერთ პოლიტიკურ ძალას ადამიანის უფლებების დარღვევა, შეურაცხყოფა და ავტომატჩიკიანების მოსმა თავზე“ - მიმართა ხოშტარიამ კილაძეს.

ხოშტარიას თქმით, უმრავლესობის წევრების განცხადება, რომ გამოძიება დაადგენს ყველაფერს, არალოგიკურია. დეპუტატი ამბობს, რომ პარლამენტმა კონკრეტული ზომები უნდა მიიღოს.

„მე გეკითხებით პარლამენტი რა როლს შეასრულებს ამ ავტომატჩიკიანების გარიგებული პროკურორების ამ რაღაც საშინელებაში.

მაშინ, როდესაც თქვენი პარტიის ხელმძღვანელი იძახის, რომ ბავშვური ტრაგედია იყოო,  თურმე ამ ბავშვური ტრაგედიის უკან დგას კრიმინალური, მაფიოზური დაჯგუფება მთელი სახელმწიფოს მასშტაბით. თქვენა აქ მე მპასუხობთ, რომ გამოძიებას უნდა დაველოდოთ. გეკითხებით, პარლამენტი სასწრაფოდ რას გააკეთებს იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს ასეთ საშინელებას“ - მიმართა ხოშტარიამ სოფო კილაძეს.

კილაძემ ხოშტარიას კვლავ წინა ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები შეახსენა და განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი სამართლებრივი შეფასებაა და არა პოლიტიკური.

„გეუბნებით პირდაპირ, რომ ეს არის პირველ რიგში გამოძიების პრეროგატივა, თქვენ რა პოლიტიკურ შეფასებას მისცემთ, ეს სიმართლე გითხრათ მეორე ხარისხოვანია.  

„ახლა რომ გაგახსენდათ თურმე, რომ დამნაშავეები იყავით აქამდე სად იყავით? ხალხმა სწორედ იმიტომ  არ მოგცათ ხმა და გითხრათ უარი თქვენს პოლიტიკურ ძალას, რომ ასეთი უბედურებები ხდებოდა ქვეყანაში“- განაცხადა სოფო კილაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები