26 აპრილი 2024,   19:04
ვრცლად
"მეც ვიტყვი, რომ ბევრი რამე მაქვს და მერე არკვიონ რა მაქ და რა არის სიმართლე და ტყუილი“ - სუბელიანი პროკურატურის გავრცელებულ ჩანაწერში

პროკურატურამ ცოტა ხნის წინ ახალი ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელიც გამოძიების ვერსიით გლდანის ციხეშია ჩაწერილი, ერთმანეთს კი მირზა სუბელიანი და ვიქტორ ჯაფარიძე ესაუბრებიან. ჩანაწერში აღარ ჩანს მესამე პირი მაღალჩინოსანი დავით ცუხიშვილი.

საგამოძიებო უწყება ამ ჩანაწერის გავრცელებით სავარაუდოდ, შეეცადა გაებათილებინა მანამდე გავრცელებული ჩანაწერი და იქ სუბელიანის მიერ დასახელებული სკანდალური ფაქტები. ეს კი აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა დღეს გავრცელებული ჩანაწერი ინსცენირებული იყოს.

ჩანაწერში, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით 6 ივლისით თარიღდება, სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლება მის წინააღმდეგ მოქმედებს და ფიქრობს, რომ მისი ბრალდების შესაბამის უმაღლეს სასჯელს განუსაზღვრავე.

ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ თუ მასთან თამაშს გააგრძელებენ პასუხსაც მიიღებენ. სუბელიანი ამავე ჩანაწერში იმეორებს, რომ პირობა სასჯელის ერთ წელზე აქვს მიღებული. მოზარდების მკვლელობის საქმე კი მისი ძალისხმევით გაიხსნა.

ვიქტორ ჯაფარიძე მას რამდენჯერმე უმეორებს, რომ განერვიულებულია და ურჩევს დამშვიდდეს.

ჩანაწერის ბოლო ნაწილში, ჯაფარიძე სუბელიანს ეკითხება, მართლა აქვს თუ არა ჩანაწერები გახმაურებულ საქმეებზე, მოწმეებზე ზეწოლის ფაქტებზე, მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესახებ, რაზეც სუბელიანი ამბობს , რომ ის იტყვის და დაიჯერებს საზოგადოება, მერე ამტკიცოს ხელისუფლებამ რომ ფაილები არ არსებობს.

„ვიტყვი, რომ მაქვს ვანოზე ჩანაწერები, „ვიბაზრებ“, რომ ყველა გახმაურებული საქმეები, „ოცნებამ“ რომ ქულები დაიწერა: თეთრაძე, ნავთლუღი, ქურდები - ტყუილით აგიყირავებთ. მკიდია რა... იმასაც ვიტყვი, რომ დაზღვეული მაქვს საზღვარგარეთ... ყველაფერზე წამსვლელი ვარ.

„კი, უკვე მკიდია რას ვიტყვი, ხო, ვიტყუები და მაქვს... მერე მაგათმა ამტკიცონ რომ ტყუილი ვთქვი, ხალხი ხომ დაიჯერებს? - სარალიძისგან იჯერებს და... ხალხს ხომ ჰგონია რომ მაქვს, ხო და გამოვალ და ვიტყვი და დაიჯერებენ. მერე მაგათმა იმართლონ თავი, რომ ვიტყუები და არ მაქვს... ხალხი ხომ არ დაიჯერებს მაგათ ლაპარაკს... გადამრიეს უკვე რა...ყველანაირ სიბინძურეზე მიდიან ჩემზე. ჩემს ოჯახს და ბავშვებს რას ერჩიან? ეგრე არ არის, ძმაო, ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების დანგრევა. ხო და მეც ვიტყვი, რომ ბევრი რამე მაქვს და მერე არკვიონ რა მაქ და რა არის სიმართლე და ტყუილი“, - ამბობს ჩანაწერში სუბელიანი.

სუბელიანი ჩანაწერში, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა მოკლული მოზარდის მამაზეც საუბრობს, ის ზაზა სარალიძეს მოსყიდულს უწოდებს და მას უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს.

პროკურატურის გავრცელებულ ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ მას ხელისუფლების ოპონენტებმა გარიგება არაერთხელ შესთავაზე, მათ შორის ნიკა გვარამიასაც ასახელებს.

საუბრის ბოლოს, სუბელიანი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ სტრესულ მდგომარეობაშია, „გონკებშია“ და ძალიან უჭირს სამარტოო საკანში ჯდომა.

ამავე თემაზე
დღის ამბები