04 მაისი 2024,   05:29
ვრცლად
აგონიაში მყოფი ხელისუფლების გაუაზრებელი და უგუნური ქმედებები - ოპოზიცია არეულობის შესახებ ბრალდებებს პასუხობს

"ეს არის სრულიად არასერიოზული, აგონიაში მყოფი ხელისუფლების ძალიან გაუაზრებელი და უგუნური ქმედებები,“ - ასე აფასებს საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებისა და სუს-ის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ არჩევნების წინ არეულობის მოწყობა იგეგმებოდა.

მმართველი გუნდის ოპონენტები ხელისუფლების ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში წააგებს და ამის გამო, ხელისუფლება ოპონენტებს წინასწარ ბრალდებებს უყენებს.

"ისინი ხვდებიან ამ არჩევნებზე განსაკუთრებით, ძალიან გაუჭირდათ იმიტომ, რომ მათ დააყენეს კანდიდატი, რომელიც უბრალოდ ვერ შეძლებს მოგებას, რომელსაც არ ჰყავს საკმარისი მხარდამჭერები ჩვენს მოსახლეობაში იმიტომ, რომ ეს ადამიანი აფიქსირებს მოღალატეობრივ პოზიციებს,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ქვეყანაში არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.

„ეს ფილმი ნანახი გვაქვს 2013 წელს, 2016 წელს, როდესაც ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მუხლით იწყებს საქმის აღძვრას პირდაპირ არჩევნების წინ, შემდეგ კი როგორც არჩევნები მთავრდება, არც ეს გამოძიება ახსენდება ვინმეს და არც ის, რომ სახელმწიფოში ვინმე გადატრიალებას გეგმავდა. სალომე ზურაბიშვილს ამ ქვეყანაში არ აირჩევენ და ბიძნა ივანიშვილი უნდა წავიდეს. ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანად, არჩევების გზით. ამის იქით ხელისუფლებას რა შიშები და ჰალუცინაციები აქვს, არ ვიცი,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა.

დღის ამბები