14 ნოემბერი 2018,   01:22
ვრცლად
დაუძველდა ბორის ივანიშვილს ხრიკები, ყველა არჩევნების წინ რაღაც ჩანაწერებს აგდებს რომ გვინდა არეულობა, "პაკრიშკები," შეტაკებები - სააკაშვილი

„დაუძველდა ბორის ივანიშვილს თავისი ხრიკები. ყველა არჩევნების წინ რაღაც ჩანაწერებს აგდებს, ვიღაც ტიპების ერთმანეთში საუბარს, რომ გვინდა არეულობა, "პაკრიშკები," შეტაკებები, რა სისულელეა,“ - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნოდ პროვოკაციები იგეგმებოდა, რომლებიც უწყების განცხადებით, უკვე აღკვეთილია.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები პროვოკაციის დაგეგმვაში ოპოზიციას ადანაშაულებენ. მძიმე ბრალდებების მთავრი ადრესატი "ნაციონალური მოძრაობა" და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყო.

„ქართულ ოცნების" წარმომადგენლების განცხადებებს დღეს მიხეილ სააკაშვილმა "ზღაპრები" უწოდა. სააკაშვილის თქმით, ქვეყანაში მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონია, რის გადაფარვასაც მმართველი პარტია დესტაბილიზაციის შესახებ საუბრით ცდილობს.

„რეალობა არის შემდეგი - არჩევნები უნდა ჩატარდეს პატიოსნად, ვაშაძე იგებს ყველა გამოკითხვით, სალომე ზურაბიშვილი დამარცხდება და გაყალბება არ გამოვა, როგორც არ გამოვიდა გაყალბება იანუკოვიჩს, როგორც არ გამოუვიდა გაყალბება თავის დროზე შევარდნაძეს, როგორც არ გამოუვიდა გაყალბება მალაიზიაში ამ ცოტა ხნის წინ, როგორც არ გამოვიდა სომხეთში, ჩვენს მეზობელთან გაყალბება. საქართველოში ჩატარდება არჩევნები, ძალიან ბევრი ხალხი მოვა არჩევნებზე, აირჩევენ მშვიდობიანად და წყნარად გია ვაშაძეს. საქართველოში იქნება პრეზიდენტი, რომელიც იქნება ხალხის მხარეს და გაატარებს ხალხის პოლიტიკას. რა თქმა უნდა, აქვთ გეგმები რაღაცების, რომ ყველაფერი მოიპარა, ქართველი ხალხი მან გაძარცვა და ახლა რა თქმა უნდა, ხელები ექავება, რომ მოიპაროს ეს არჩევნებიც, მაგრამ ეს არ გამოუვა იმიტომ, რომ ხალხმა მისი მოტყუების კბილი დიდი ხანია გამოიცვალა, ძველი მეთოდები დაუძველდა მას ამიტომ, მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიყოთ წყნარად, ძალიან დამაჯერებლად ვლიდერობთ, ყველა დამოუკიდებელი გამოკითხვებით, მათაც ეს კარგად იციან. "ოცნებაში" არიან სულ პანიკაში და აგონიაში და ხან რა სისულელეს მოიგონებენ ეს დღეები, ხან რას, მაგრამ არ აცდებათ მათ ეს მარცხი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები