26 აპრილი 2024,   17:39
ვრცლად
თავდასხმა საარჩევნო შტაბზე - პოლიციის განყოფილებაში "ოცნების" შვიდ მხარდამჭერს ბრალი წარედგინება, მათ შორის, დეპუტატ მკოიანის ძმას

თავდასხმა ოპოზიციის საარჩევნო შტაბზე - 6 საათზე მეტია, ახალქალაქში ოპოზიციის წარმომადგენლებზე განხორციელებული თავდასხმის მონაწილეების დაკითხვა მიმდინარეობს.

პოლიციის განყოფილებაში "ქართული ოცნების" შვიდ მხარდამჭერს ბრალი წარედგინება. მათ შორის, ორს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის, ხუთს კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის.

გამოკითხვაზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმაც, რომელმაც პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა. „კურიერის“ ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მასაც წარუდგინეს ბრალი, თუმცა, ამ დრომდე არ კონკრეტდება სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით თუ ადმინისტრაციულით.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ენზელ მკოიანის ძმას საარჩევნო შტაბზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორობაში ადანაშაულებენ.

"კურიერის" ინფორმაციით, პოლიციაში იმყოფება ენზელ მკოიანის შვილიც.

პოლიციის განყოფილებაში ასევე იმყოფებოდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნაირი ირიციანი, თუმცა, იქიდან გამოსვლის შემდეგ მან აღნიშნა, რომ უბრალოდ სეირნობს.

ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის შტაბზე თავდასხმა რამდენიმე დღის წინ მოხდა, რის შედეგადაც 4 პირი მძიმედ დაშავდა. ოპოზიციის წევრების მტკიცებით, მათზე თავდასხმას ენზელ მკოიანის ძმა ხელმძღვანელობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ძალადობის ბრალდებით მიმდინარეობს.

დღის ამბები