26 აპრილი 2024,   14:32
ვრცლად
ფასები ისტორიულ მაქსიმუმზეა - ქვეყანაში პირველადი მოხმარების პროდუქტები ასეთი ძვირი არასდროს ყოფილა

საკვები პროდუქტების ფასებმა საქართველოში ყველა დროის რეკორდი მოხსნა. ასეთი ძვირი პური ქვეყანაში არასდროს ყოფილა. საქსტატმა დაადგინა, რომ სტანდარტული 500-გრამიანი პურის ღირებულება ბაზარზე ახლა 90 თეთრია.

ისტორიულ მაქსიმუმზეა კვერცხის ფასიც. უახლოეს მომავალში ფერმერები კვერცხის კიდევ უფრო გაძვირებას აანონსებენ. საქსტატის მონაცემებით, საშუალო ზომის კვერცხი 32 თეთრი ღირს, თუმცა, ბაზარში ერთი კვერცხის ღირებულება 40 თეთრია.

ისტორიულ მაქსიმუმზეა ხორცის ფასი. ერთ კილოგრამი საქონლის ხორცი, ოფიციალური მონაცემებით, 14 ლარია, თუმცა, ბაზარში ის უფრო ძვირია. გაიზარდა და რეკორდი მოხსნა ბოსტნეულის ღირებულებამაც. კარტოფილისა და ლობიოს ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ ლარის გაუფასურების გამო, ყველაფერი, დაახლოებით, 30 პროცენტით გაძვირდა. მყიდველი ბაზრებში შემცირდა, მოვაჭრეებს კი შემოსავალი გაუნახევრდათ.

ყველაზე მეტად საქართველოში ბოლო პერიოდში მედიკამენტები გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, წამლებზე ფასი, საშუალოდ, 12 პროცენტით გაიზარდა, თუმცა, ექსპერტები აცხადებენ, რომ ზოგიერთ წამალში მოსახლეობა 500 პროცენტით უფრო მეტს იხდის.

რეკორდულ ნიშნულზეა საწვავის ფასი. ბოლო 5 დღის განმავლობაში ბენზინი, საშუალოდ, 7 თეთრით გაძვირდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

ქვეყანაში ძირითადად იზრდება იმპორტირებული პროდუქციის ფასი. იმპორტიორები ამბობენ, რომ ლარის გაუფასურების გამო, სხვა არჩევანი არა აქვთ. ამ დროისთვის საწყობებში ჯერ კიდევ ძველი მარაგია, თუმცა. ახალი პროდუქცია ქვეყანაში მალე ახალი ფასით შემოვა და საცალო ბაზარზეც უფრო ძვირად გაიყიდება. 

დღის ამბები