26 აპრილი 2024,   14:12
ვრცლად
"ფიზიკურად გვიპირისპირდებოდა პოლიცია და არ გვაძლევდა კარვების გაშლის საშუალებას" - გიორგი მშვენიერაძე

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე, პარლამენტის წინ შვილმოკლული მამების სოლიდარობის აქციაზე იმყოფება.

მშვენიერაძე სამართალდამცავთა ქმედებას გმობს, რომლებმაც არ მისცეს აქციის მონაწილეებს იმის უფლება, რომ კარვები გაეშალათ.

გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ დანაშაულებრივი ქმედებაა, როდესაც კარვის გაშლის უფლებას არ აძლევენ მოქალაქეებს.

„ის, რაც დღეს ვნახეთ, არის კიდევ ერთხელ ღია ძალადობა და თავდასხმა შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებზე. ის, რომ ამდენ ხანს ხელისუფლება არ აძლევდა საშუალებას შეკრების მონაწილეებს, ესარგებლად საკუთარი კონსტიტუციური უფლებით და  დაედგათ კარვები, დღეს კიდევ ახალ ძალადობის ტალღაზე გადაიზარდა, ჩვენც ფიზიკურად გვიპირისპირდებოდა პოლიცია და არ გვაძლევდა კარვების გაშლის საშუალებას,“ - განაცხადა მშვენიერაძემ.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ შვილმოკლული მამებისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით კარვები მიიტანეს.

სამართალდამცავებმა მესამე სექტორის წარმომადგენლებს კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს და კარვების ნაწილი წაართვეს, რასაც მოჰყვა დაპირისპირება.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე კარავის გაშლა მოახერხეს. 

დღის ამბები