26 აპრილი 2024,   19:17
ვრცლად
"დეპუტატების პულტების გამოყენება მოხდა, ქვორუმი არ არის" - ხმაური პარლამენტის სხდომაზე, სესია გადაიდო

პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა განეხილათ, კვორუმის არარსებობის გამო ვერ დაიწყო. განმეორებითი რეგისტრაციის დროს ტაბლოზე სხდომათა დარბაზში 78 დეპუტატის ყოფნა დაფიქსირდა, რაც საპარლამენტო უმცირესობამ გააპროტესტა.

„80-ს, რომ გამოვაკლოთ 8 არის 72. ე.ი. არ არის ქვორუმი დარბაზში. ეს არის პასუხისმგებლობა ბატონო ანდრი. ბიუჯეტი არის მთავარი საფინანსო დოკუმენტი  და უმრავლესობის პასუხისმგებლობაა. თანამდებობების გადანაწილება და კორუფციაში ჩაბმა არ არის თქვენი მთავარი პასუხისმგებლობა, აი ეს არის. თუ შეიძლება ბატონო სხდომის თავმჯდომარე, ნუ დაიწყებთ დარღვევით მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვას,“-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მათი თქმით, სხვა დეპუტატების მხრიდან პულტების გამოყენება მოხდა.

„ბატონ ქანთარიას გავლილი აქვს და არ არის აქ. სრულიად ცხადია, რომ აქ იყო გამოყენებული მისი მოწმობა. ჩვენი პოზიციაა ასეთი, რომ ეს ბიუჯეტი არის მავნებლური. ის ვერც სიღარიბის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა,“-განაცხადა სერგო რატიანმა, რაზეც სხდომის წამყვანმა გია ვოლსკიმ მოუწოდა რომ შეწყვიტოს პოლიტიკური განცხადებების კეთება.

ოპოზიციის საპასუხოდ, მმართველმა გუნდმა უმცირესობას შეახსენა, რომ სხდომაზე დასწრება მხოლოდ უმრავლესობის მოვალეობა არ არის. ეკა ბესელიას განცხადებით, ოპოზიციამ შეგნებულად ჩაშალა სხდომა.

„რეგლამენტში წერია, რომ საჭირო არის უმრავლესობის სიითი შემადგენლობა ესწრებოდეს სხდომას. არსად არ წერია, არც ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი რომ გამოდის, არც მაშინ და არც სხვა შემთხვევაში, რომ რეგისტრაციაში მხოლოდ უმრავლესობის წევრები გადიან და ეს არ ეხება საპარლამენტო უმცირესობის შემადგენლობას. როცა ამას აკეთებენ შეგნებულად, ეს არის შეგნებულად საპარლამენტო სხდომის ჩაშლა,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას ამ გამოსვლას, „ევროპული საქართველოს“ წევრმა უპასუხა. ზურა ჭიაბერაშვილის განცხადებით, ოპოზიციის არ დასწრება სხდომაზე ნამდვილად არის პოლიტიკური ნაბიჯი, რადგან ამ გზით საპარლამენტო უმცირესობა აჩვენებს საზოგადოებას, რამდენად უპასუხისმგებლოდ უდგება ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტს საპარლამენტო უმრავლესობა.

„ჩვენ მიერ ახლა რეგისტრაციის არ გავლა, ეს ნამდვილად პოლიტიკური ნაბიჯია და ამით ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“ გვინდა ვაჩვენოთ მთელ საზოგადოებას, რომ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“, როცა იხილება ქვეყნის მთავარი დოკუმენტი, ვერ კრებს საკმარის რაოდენობას ხმების,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

სხდომა 16:00 საათამდე გადაიდო. 

დღის ამბები