26 აპრილი 2024,   18:50
ვრცლად
აფეთქება ფონიჭალაში - დაშავებულების მდგომარეობა კვლავ მძიმეა 

ფონიჭალაში #23 კორპუსში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულების მდგომარეობა კვლავ მძიმეა. 4 ადამიანი, რომელთა შორისაც ერთი მცირეწლოვანია, დამწვრობის ცენტრში იმყოფებიან. 

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის შეფასებით, დაშავებულებმა დამწვრობა ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად მიიღეს.

„სამივე იმყოფება დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში. მიმდინარეობს შოკის საწინააღმდეგო თერაპია და გარკვეული კვლევები... ბავშვის მდგომარეობა შედარებით იოლია, მასთან ფართობი გაცილებით მცირეა, ბავშვს მარტო სახე და მტევნები აქვს დამწვარი. ნაწილი დიაგნოსტიკური კვლევის მათ უკვე ჩაუტარდათ, ჩვენდა სასიხარულოდ, ძირითადი გართულებები თავიდან ავიცილეთ, თუმცა, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მშვიდად არ ვართ,“ - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ფონიჭალაში #23 კორპუსის მესამე სართულზე აფეთქება დღეს დილით მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა, ხოლო დედა და 9 თვის ბავშვი დაიღუპა.

პირველადი ინფორმაციით აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. 

დღის ამბები