04 მაისი 2024,   15:52
ვრცლად
„საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას" - ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებს დავით ზალკალიანი ეხმაურება

ქერჩის სრუტე და აზოვის ზღვა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა.

„საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები ვითარების დეესკალაციისთვის,“ - წერია დავით ზალკალიანის განცხადებაში.

ქერჩის სრუტეში მომხდარი დაპირისპირების გამო გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა დაინიშნა.

ინციდენტი აზოვის ზღვაში გუშინ მოხდა. 3 უკრაინული გემი ქერჩის სრუტის გავლით შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში გეგმიურ გადაადგილებას ასრულებდა, როდესაც რუსეთის კუთვნილი სასაზღვრო ხომალდი უკრაინულ გემს ჯერ მიზანმიმართულად დაეჯახა , შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნა. შედეგად დაიჭრა 6 უკრაინელი მეზღვაური. უკრაინულ ხომალდებზე, რომელიც რუსულმა მხარემ დააკავა, 23 ადამიანი იმყოფებოდა. მათთან კონტაქტი ამ დრომდე ვერ ხერხდება. მოსკოვის მტკიცებით, უკრაინულმა გემებმა რუსეთის საზღვარი დაარღვიეს და მომხდარს კიევის მიერ განხორციელებულ პროვოკაციას უწოდებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები