26 აპრილი 2024,   14:55
ვრცლად
„მთავრობა აპირებს, გადადგას ნაბიჯები ავიაკომპანია Wizz Air-ის საზარალოდ“ – გიორგი კანდელაკი

„მთავრობა აპირებს, გადადგას ნაბიჯები ავიაკომპანია Wizz Air-ის საზარალოდ,"- ამის შესახებ ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა. 

საპარლამენტო უმცირესობა მთავრობის მხრიდან Wizz Air-ის მიმართ კონკურენციის მიზნით განხორციელებულ შეზღუდვებზე საუბრობს. 

ოპოზიციის წარმომადგენელი „ქართულ ოცნებას“  მოუწოდებს, ხელი აიღოს მსგავსი განზრახვისგან.

„სულ რამდენიმე ხნის წინ ეკონომიკის მინისტრის მითითებით, გაჭიანურდა ავიაკომპანია Wizz Air-სთვის ზამთრის განრიგის დამტკიცება. შემდეგ ეს განრიგი დამტკიცდა და საკითხი გადაიდო არჩევნების შემდეგ და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობა აპირებს, რომ ნამდვილად გადადგას ნაბიჯები კონკურენციის შესაზღუდად და ავიაკომპანია „ვიზეარის“ საზარალოდ. ეს აეროპორტი არის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მაცოცხლებელი წყარო საქართველოს და კერძოდ, ქუთაისის ეკონომიკისა და ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ჯერ კიდევ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, რომ ხელი აიღონ ყოველგვარი მსგავსი განზრახვისგან,“- აცხადებს კანდელაკი. 

დღის ამბები