02 მაისი 2024,   22:21
ვრცლად
ხმაური ზუგდიდის #80-ე საარჩევნო უბანზე - "ოცნების" გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური იყო ზუგდიდის #80-ე საარჩევნო უბანზე, სამეგრელოში. „ქართული ოცნებისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, შეკამათება მოყვა დარღვევებს და უბნებთან ე.წ. ავტორიტეტების ყოფნას.

ზუგდიდის #80-ე საარჩევნო უბანთან მისულმა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა კონკრეტულ დარღვევებზე ისაუბრეს, რის გამოც, დაიძაბა მდგომარეობა და „ოცნების“ მხარდამჭერებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ზუგდიდის #80-ე საარჩევნო უბანთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები მას შემდეგ მივიდნენ, რაც შეიტყვეს, რომ მარკირებული ამომრჩეველი იყო მისული, რომელიც ხმის მეორეჯერ მიცემას გეგმავდა. ეს ინციდენტი გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა აღკვეთეს და აღნიშნულმა პირმა ვერ შეძლო საარჩევნო უბანზე ხმის ხელმეორედ მიცემა.

გრიგოლ ვაშაძის სამეგრელოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მურთაზ ზოდელავა ამბობს, რომ აგრესიული ფონი, რაც ახლა სამეგრელოშია, შს მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ არის წახალისებული.

„ბოლო პერიოდში "ქართული ოცნების" რიტორიკა, რომ ჩვენ რაღაც დესტაბილიზაცია შემოგვქონდა, ან რაღაც არეულობას ვაპირებდით, არის სრული ფარსი. გახარია, რომელიც ჩამოვიდა სამეგრელოში და რომელმაც შექმნა აქ აგრესიული ფონი არის მოტივირებული, რომ აქ არ იყოს მშვიდი გარემო. ის ახლა ფიზიკურად აქ სამეგრელოში არ იმყოფება, მაგრამ მისი აქ ყოფნის პერიოდში წაახალისა ყველა და ყველას გაუგზავნა მესიჯი, რომ მოსულა რაღაც აგრესიული რიტორიკა, რომ მოსულა ვიღაცების დაკაჩავება, რომ მოსულა რაღაც აგრესიული ამბების განხორციელება და ეს არის იმის შედეგი, რაც მან აქ გააკეტა. ასე, რომ კეთილი ინებოს პატივცემულმა, დაბრძანდეს თავის კაბინეტში და მიხედოს თავის საქმეს,“ - განაცხადა ზოდელავამ.

მარკირებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა ისევ ზუგდიდში #3-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში. უბანზე მოხუცი ქალბატონი მივიდა, რომელიც მანამდე იმყოფებოდა #80-ე საარჩევნო უბანზე, სადაც მას მარკირება გაუკეთეს, შემდეგ კი ის სიაში არ აღმოჩნდა და მე-3 საარჩევნო უბანზე გააგზავნეს. მარკირების გამო აღნიშნული ქალბატონი მე-3 საარჩევნო უბანზე აღარ შეუშვეს და მან დაკარგა ხმის მიცემის უფლება. 

დღის ამბები