26 აპრილი 2024,   19:20
ვრცლად
პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია იზრდება - ახალი რეგლამენტის პროექტი დამტკიცდა

77 ხმით ორის წინააღმდეგ - პარლამენტმა ახალი რეგლამენტის პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილება ძალაში არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე შევა.

ახალ რეგლამენტში შესული ძირითადი ცვლილებები პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაზრდას ეხება, ასევე იზრდება პარლამენტის ანგარიშვალდებულებაც.

საკანონმდებლო ორგანოს ახალი რეგლამენტის მიხედვით, მთავრობა ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტს უფრო ინტენსიურად წარუდგინოს ანგარიში მისი საქმიანობის შესახებ. მათ შორის ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება ექნება პრემიერსაც, რასაც დღეს მოქმედი რეგლამენტი არ ითვალისწინებს.

ცვლილებები ასევე ეხება საკანონმდებლო პროცესის დახვეწას, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის გამარტივებას.

ახალი რეგლამენტის თანახმად პარლამენტის ადგილმდებარეობად თბილისი განისაზღვრა, რაც იმას გულისხმობს, რომ 2019 წლიდან პარლამენტი მუშაობას თბილისში გააგრძელებს.

სასესიო სხდომას, სადაც რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, ოპოზიცია არ დაესწრო, რადგან ისინი თვლიან, რომ ამ ცვლილებებით, დეპუტატებს საზედამხედველო ფუნქცია პირიქით, ეზღუდებათ და მათ საკომიტეტო ან ფრაქციის ფორმატში მთავრობის წევრების დაბარების საშუალება აღარ ექნებათ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, თამარ ჩუგოშვილი ოპოზიციას პლენარულ და სასესიო სხდომაზე დაუსწრებლობის გამო აკრიტიკებს. ჩუგოშვილის შეფასებით, რეგლამენტში შესული ცვლილებები პარლამენტის როლს აძლიერებს.

„სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიცია არ იყო წარმოდგენილი სესიაზე არც პირველი მოსმენის და არც მეორე მოსმენის დროს და შესაბამისად, მათი მოსაზრებები პლენარულ ფორმატში ჩვენ არ მოგვისმენია, თუმცა მაქსიმალურად ვცადეთ, რომ ეს რეგლამენტი ყოფილიყო გათვალისწინებული პარლამენტის ყველა წევრისთვის, როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რეგლამენტში ცვლილებებს დადებითად აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, გიორგი ვოლსკი. დეპუტატი ახალი რეგლამენტის მეშვეობით პარლამენტის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულების ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას.  

„საკმაოდ ინტენსიური გახდა მთავრობის წევრების, მაღალი თანამდებობის პირების პარლამენტში მოსვლა, თანამშრომლობა, ანგარიშების მოსმენა,“- განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სწორედ ახალი რეგლამენტის ამუშავების შემდეგ ხელისუფლების ეფექტიანობა კიდევ უფრო გაიზრდება.

თავად საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებიც არ ეთანხმებიან ახალ რეგლამენტში შესულ ყველა ცვლილებას, განსაკუთრებით კი პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრას.

ერთ-ერთი, ვინც ახალ რეგლამენტში შესული ცვლილებების ნაწილს აკრიტიკებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ მდივანი, გენადი მარგველაშვილია. მისი თქმით, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტის ადგილმდებარეობად თბილისის განსაზღვრას აკრიტიკებენ, რადგან ქალაქში არ არის ალტერნატიული გზა, რომელიც მოსახლეობის ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს. 

დღის ამბები